სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განუცხადა, ბურჭულაძე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას დაესწრება, თუ ამაში მას ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის.

„პოზიცია უცვლელია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჩვენს პოზიციაში ცვლილება არ არის. სურვილი აქვს [სხდომაზე] დასწრების, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უკეთესობისკენ არის, სავარაუდოდ, დაესწრება. თუმცა, წოლითი რეჟიმი რჩება“, - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლები არ არსებობს.

„საქმის მასალები ელექტრონულად გადმოგვეცა, ჯუანშერი მასალებს არ გასცნობია, ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა. თუ ჩვენ შევხედავთ პატიმრობის მოთხოვნის დასაბუთებას, სამართლებრივად და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ის შეუძლებელია დასაბუთებული იყოს, რადგან, ის საფრთხეები, რისთვისაც პატიმრობა გამოიყენება, უბრალოდ არ არსებობს და არ არსებობს მითუმეტეს, მტკიცებულება ამ საფრთხეების არსებობის შესახებ. მხოლოდ ვარაუდებს, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს, ალბათ დაიმალება, აბა რას იზამს, ეს დაშვებული არ არის და პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის არც ჩვენი და არც საერთაშორისო კანონმდებლობით. დაახლოებით, ივნისიდან დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება, ვერც ერთ ეტაპზე გამოძიება ვერ იტყვის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ, ან მისმა ოჯახის წევრებმა, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა რამე სახით გამოძიებას ხელი შეუშალეს“, - განაცხადა ხაჩიძემ.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ის დაკავებას, ასე პასუხობს:

„თუ ვიმსჯელებთ იმ პოზიციიდან, რომ ის უდანაშაულოა, დანაშაული არ ჩაუდენია და ყველა ის მტკიცებულება, რაც შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს პროკურატურას და გამოძიებას, შეგვიძლია დავასაბუთოთ და წარმოვადგინოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო“, - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რას უკავშირებს ის მის დაკავებას, ან აპირებს თუ არა პროცესზე საუბარს, ხაჩიძე პასუხობს, რომ „თვითონ იტყვის პროცესზე“.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას, ან თუნდაც, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს არ იცის.

„ვერ გეტყვით, ამ საქმეზე რაც გაიზარდა, კანონს არ შეესაბამება, კანონთან შეუსაბამო მოქმედებებზე პროგნოზირება რთულია... ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა გამოდის, რომ პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ხელისუფლება იტყვის, რომ ებრძვის კორუფციას, ოპოზიცია იტყვის, რომ კორუმპირებული ხელისუფლებაა. ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, ასე გამოდის“, - აცხადებს ხაჩიძე.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

interpressnews.ge