რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რომელსაც დასავლეთი დაძაბული აკვირდება
პარასკევს დილით,რუსეთმა და მისმა მთავარმა მოკავშირემ, ბელარუსმა მსხვილმასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რამაც ნატო დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან რამდენიმე დღის წინ პოლონეთმა მოსკოვი, მის საჰაერო სივრცში დრონების შეჭრის გამო, ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულა. სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ზაპად -2025“ იმ დროს იმართება, როდესაც რუსეთის ჯარები უკრაინაში გაშლილ ფრონტის ფართო ხაზზე წინ მიიწევენ და უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებს აძლიერებენ. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის წევრები, რომლებიც ბელარუსს ესაზღვრებიან (პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია), ბელარუსის დედაქალაქ მინსკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბორისოვის მახლობლად დაგეგმილი წვრთნების გამო, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. წვრთნების წინ სამივე ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, პოლონეთმა კი, წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში, ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის ბრძანება გასცა.
„რუსეთის და ბელარუსის არმიების ერთობლივი სტრატეგიული მანევრები დაიწყო“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მისი ქვეყნისთვის „კრიტიკული დღეების“ შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს პოლონეთმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული დრონების ჩამოსაგდებად ავიაგამანადგურებლები გაუშვეს ცაში, პოლონეთი „ღია კონფლიქტთან“ ყველაზე ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე ყოფილა. მოსკოვი შეეცადა, ვარშავისა და ბრიუსელი შეშფოთება შეემსუბუქებინა.
„ეს დაგეგმილი წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - განუცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც უარყო პოლონეთის მტკიცება, რომ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები „აგრესიული“ ძალის დემონსტრირებას წარმოადგენს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მოსკოვის განზრახვების შესახებ გაფრთხილებით მაინც გამოვიდა. „რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებები თავდაცვითი ხასიათის ნამდვილად არ არის და მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, მოსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ღამით თავის ტერიტორიაზე 221 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
უბრალოდ შოუ?
სამხედრო სწავლება „ზაპადი“, როგორც წესი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 2025 წლის წვრთნები, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება, პირველია უკრაინაში სამხედო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. 2021 წელს, უკრაინაზე თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვმა ანალოგიურ წვრთნებზე დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი გაგზავნა. თუმცა, წლევანდელი „ზაპადი“, სავარაუდოდ, გაცილებით მცირე მასშტაბის იქნება, რადგან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი უკრაინაშია განლაგებული. იანვარში ბელარუსმა განაცხადა, რომ წვრთნებში 13 000 ჯარისკაცი მიიღებდა მონაწილეობას, მაისში კი დააზუსტა, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით ნახევარით შემცირდებოდა.
ტუსკის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს სუვალკის დერეფნის ოკუპაციის იმიტირებას. ეს არის პოლონეთსა და ლიეტუვას საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორია, რომელსაც ბელარუსი და რუსეთის ექსკლავი კალინინგრადი აკრავს. სუვალკის დერეფანი ნატო-სთვის დაუცველ ადგილად მიიჩნევა და შესაძლოა, ნებისმიერი რუსული თავდასხმის პირველი სამიზნე გახდეს. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ეს შიში „სრულ სისულელედ“ მიიჩნია. ამ წლის დასაწყისში სახელმწიფო მედიამ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის სიტყვები გაავრცელა, რომ წვრთნები პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებიდან გადაიტანეს, რათა „დაძაბულობა შემცირდეს“.
თუმცა, პოლონეთმა მაინც დახურა ბელარუსთან დარჩენილი რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელი, რამაც მოსკოვის კრიტიკა გამოიწვია, ასევე შეზღუდა საჰაერო მოძრაობა მისი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. ლიეტუვამ და ლატვიამ ასევე გამოაცხადეს საჰაერო სივრცის ნაწილობრივ დაკეტვის შესახებ. რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებამ წვრთნებს ახალი განზომილება შესძინა. მინსკმა აგვისტოში განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის ექსპერიმენტული, ახალი ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტა, სახელად „ორეშნიკი“, ასევე განხორციელდებოდა საწვრთნელი ბირთვული დარტყმები.
მოსკოველმა სამხედრო ანალიტიკოსმა, ალექსანდრ ხრამჩიხინმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ წვრთნების მნიშვნელობა გადაჭარბებულია. მან ამ წვრთნებს „უბრალოდ შოუ“ უწოდა, რომელსაც „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ არ უნდა მიენიჭოს. მისივე თქმით, მსგავსი წვრთნები რუსეთის სხვადასხვა ნაწილში ყოველწლიურად ამავე დროს იმართება და ადრე მასში ბირთვული სიმულაციებიც შედიოდა. თუმცა, კრემლთან დაკავშირებული სამხედრო ანალიტიკოსი, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრი, ვასილი კაშინი ამბობს, რომ წვრთნები „რეალური საბრძოლო მომზადების დემონსტრირებაა“. „თუ საჭირო გახდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბელარუსის დასაცავად“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“ და დასძინა, რომ პოლონეთი და მისი მოკავშირეები სექტემბერში საკუთარი კონტრ-წვრთნების ჩატარებას გეგმავენ.
კაშინი ასევე ამბობს, რომ რუსეთისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნების მიერ წვრთნების ერთდროულად ჩატარების პრაქტიკა, სავარაუდოდ, „ისევე გაგრძელდება, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო“.
წყარო: 1 არხი