სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) მიმოხილვის თანახმად, ფოთის ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ საკონტეინერო ტერმინალების განვითარება ლოგისტიკურად და ეკონომიკურად გამართლებულია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნავსადგურის საქმიანობას შეავსებენ და ერთიან სისტემაში ინტეგრირდებიან.
TCRC-ის შეფასებით, ფოთს სჭირდება არა ქალაქის ტერიტორიაზე ქაოტურად განთავსებული საკონტეინერო ეზოები, არამედ წინასწარ დაგეგმილი ლოგისტიკური ზონა, რომელიც ნავსადგურთან საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით იქნება დაკავშირებული. ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, ამჟამად ფოთის მიმდებარედ 10 გარე საკონტეინერო ტერმინალი მოქმედებს.
TCRC აღნიშნავს, რომ გარე ტერმინალებს შეუძლიათ ნავსადგურის ტერიტორიის განტვირთვა და ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესება, თუმცა კონტეინერების რამდენიმე ტერმინალს შორის გადაადგილება დამატებით ხარჯებს წარმოშობს. ამიტომ, როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, „გარე ტერმინალების განვითარება ავტომატურად არ ნიშნავს ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდას“.
მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია ფოთის ნავსადგურის გაფართოების საკითხზეც. APM Terminals-ის მიერ 2024 წელს წარმოდგენილი პროექტი მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა, თუმცა TCRC-ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილების გამო პროექტის ღირებულება ამჟამად მინიმუმ 350 მლნ დოლარია. ცენტრი მიიჩნევს, რომ ნავსადგურის გაფართოება და გარე ტერმინალების განვითარება ერთიანი ლოგისტიკური სისტემის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს.
როგორც TCRC-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, „ფოთის მომავალი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელშიც კონტეინერები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. ფოთის მომავალი უნდა იყოს ქალაქი, რომლის გარშემოც ლოგისტიკური სივრცე სწორად იქნება დაგეგმილი“.