თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.
„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამსაკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.
„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.