ეკონომიკის სამინისტროში თვისობრივად არის შეცვლილი მიდგომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში.

"მაგალითისთვის რომ დავასახელო ციფრები, რაც ჩვენი მიდგომის სერიოზულობაზე მეტყველებს - იყო შტატები გაბერილი შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში. მარტო შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში რომ ავიღოთ 100 მილიონი ლარი იზოგება. მიმდინარე შესყიდვები რაც იყო, იმას გადავხედეთ და გეგმასთან შედარებით 348 მილიონი დაიზოგა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები და საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა. გარდა იმისა, რომ სწორი პრინციპები უნდა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება ენერგეტიკის სექტორში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას სჭირდება კონკრეტული გეგმა, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული.

რაც შეეხება იმპორტზე დამოკიდებულებას, კობახიძის განმარტებით, ელექტროენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო და აქ, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობისგან და სხვა დარგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობას აქვს ბევრად მეტი ფასი, ვიდრე სხვა დარგებში.

"აქ 90% არ არის ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეალურად, არის 71%, იმიტომ, რომ მთლიანობაში რომ ავიღოთ დენის იმპორტი და პლუს შესაბამისი გაზის იმპორტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ჯამში დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%. კრიტიკულ თვეებში, 8 თვის განმავლობაში არის დამოკიდებულება 42%. ეს, რეალურად, სტრატეგიული დამოკიდებულებაა იმპორტზე, რაც საჭიროებს ცვლილებას. სურსათზე დამოკიდებულება ბევრად უფრო მარტივი საკითხია, იმიტომ, რომ სურსათის იმპორტი შეიძლება განახორციელო სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო დივერსიფიცირებულია ამ შემთხვევაში იმპორტის წყაროები. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ ძალიან ვიწრო წრეზე, სუბიექტების, ქვეყნების. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში. ამიტომ ვართ განსაკუთრებით ორიენტირებული იმაზე, რომ აქ ვიყოთ 100%-ით თვითკმარი, ანუ ნულამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც არის საშვილიშვილო საქმე. ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა. სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული. რაც შეეხება არსებულის მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ესეც არის გეგმის ნაწილი. მაგრამ, მაგალითად რომ ავიღოთ არსებული დიდი ჰესები და იქ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, მაქსიმუმს ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ყველგან არა, 20%-ით შეიძლება გააუმჯობესო, გაზარდო გენერაციის მასშტაბი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს არ არის ალტერნატივა ახალი ჰესების მშენებლობისთვის და სხვა მიმართულებით გეგმების განხორციელებისთვის. რაც შეეხება მოხმარების ზრდას, საშუალო მაჩვენებელი არის 3.7% და ეს არის პროგნოზი მომდევნო წლებისთვისაც. ბუნებრივია, ესეც გეგმის ნაწილია. საორიენტაციო მაჩვენებლები, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ჩვენი გეგმის შედგენის ერთ-ერთი საფუძველი. რაც შეეხება მაინინგს. გეთანხმებით, რომ აქ არის პრობლემები და ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ბატარეები - ესეც ჩვენი გეგმის ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დიდი ჰესების თემას, ანუ მარეგულირებელი, სტრატეგიული ჰესების თემას, აქ ძალიან მარტივად, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე ჩაღრმავებაც არ სჭირდება ამას, თუ ზედაპირულად თუნდაც გავაანალიზებთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესს, ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება. ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.