"ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვლას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში, მიგრაციის საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის თემა, რომელიც საზოგადოებას სამართლიანად აწუხებს.

"ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელია ტენდენციები, განსაკუთრებით ევროპაში, თუმცა მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც, შესაბამისად ის, რომ ეს საკითხი იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს, გასაკვირი არ არის. შესაბამისად, მისასალმებელია ამ თემაზე ფართო დისკუსიის გაშლა. რაც შეეხება ზოგადად ემიგრაციას და იმიგრაციას. ემიგრაციაც არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა და ეს ბალანსი არის ნეგატიური. ამას აქვს ზოგადად ერთი მთავარი მიზეზი, ეს არის - ეკონომიკა. ესაა ძირითადი ფაქტორი, რაც იწვევს მოსახლეობის ემიგრაციას და უარყოფით მიგრაციულ სალდოს. რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვლას, ეს პრობლემური საკითხია, საჭიროა პროცესების სწორად მართვა და 3 ძირითადი ფაქტორია, რაც განაპირობებს მიგრანტების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ის, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა, შესაბამისად, გახსნილი ვართ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მეორე - ეს არის სტუდენტების პროგრამები, უცხოელი სტუდენტები გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობით და მესამე არის ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ძალის დეფიციტი, რასაც სჭირდება შევსება. ამ დეფიციტის შევსება ხდება ხშირად, პირველ რიგში, კომპანიების მიერ უცხოური სამუშაო ძალით. რაც შეეხება ეკონომიკას და ემიგრაციას რომ შევეხოთ, რატომ გადიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. შარშან წინ საიმედო მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველად მოხდა ისე, 2020 წლის შემდეგ, 2020 წელს მიზეზი იყო კოვიდი, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა 2024 წელს 2020 წლის შემდეგ დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკა, იზიდავს მოქალაქეებს ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ უფრო მცირე ეკონომიკა.

„რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს შემთხვევაში, 33 340 აშშ დოლარია ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი არის 75 480, საფრანგეთში 67 671, საბერძნეთში 46 800 და ინდოეთი - 12 964. ციფრებიდან ჩანს, რომ რეალურად, დიდი სხვაობაა საქართველოსა და გერმანიას შორის, თითქმის 2.5-ჯერ უკეთესია ცხოვრების დონე გერმანიაში, ამას ემატება დაგროვილი ინფრასტრუქტურა, სერვისები, მომსახურება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, გრავიტაციაში ვიცით, რომ რაც უფრო დიდია სხეული, მით მეტად იზიდავს მცირე სხეულს. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფრო დიდი ეკონომიკა და ეს ქვეყანა იზიდავს მოქალაქეებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც აქვს უფრო მცირე ეკონომიკა. შენი ეკონომიკა, რომელიც არის 2.5 - ჯერ ნაკლები ვიდრე სხვა ქვეყანაში, შენი მოქალაქეები მიდრეკილნი არიან ემიგრაციისკენ და ეს მსოფლიოში ყველგან ასეა. თუმცა, ეს სხვაობა მცირდება. რომ შევადაროთ 2012 წლის მონაცემები და 2026 წლის მონაცემები, ოთხნახევარმაგი იყო სხვაობა გერმანიასთან, ანუ 4.5-ჯერ გვისწრებდა და ეს სხვაობა შემცირებულია რადიკალურად. საფრანგეთთან ოთხმაგი იყო სხვაობა და ორმაგია, საბერძნეთთან სხვაობა იყო 2.5 და შემცირებულია 40 %-მდე. საბერძნეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში იყო ძალიან დიდი მიგრაციული ნაკადი საბერძნეთში, დღეს, პრაქტიკულად, აღარავინ მიდის საბერძნეთში სამუშაოდ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკამ განაპირობა. 40 % არის სხვაობა, ასეთ პირობებში, მიგრაციის ინტერესი აღარ არის. 90-იან წლებში მიდიოდნენ იმიტომ, რომ 8-ჯერ მეტი იყო ეს მაჩვენებელი და ბუნებრივია იყო მიგრაცია საქართველოდან საბერძნეთში. ინდოეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 2.5-ჯერ ვასწრებთ ინდოეთს, ამიტომ აქ პირიქით ინტერესი არსებობს. თუ გერმანიის შემთხვევაში ინტერესი არის, რომ საქართველოდან წავიდეს მოქალაქე, ამ შემთხვევაში არის ინტერესი, რომ ინდოეთიდან ჩამოვიდეს საქართველოში მოქალაქე,“- განაცხადა პრემიერმა.

მან დემოგრაფიის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება.

„რაც შეეხება სტატისტიკას მოქალაქეების მიგრაციის ნაწილში, აბსოლუტურად ზუსტია. ზუსტია ასევე უცხოელი მიგრანტების სტატისტიკა. საქსტატი ასახავს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რამდენია მიგრანტი საქართველოში. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა, ვინც საქართველოში ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ცხოვრობს, 257 000-ია. აქ შედიან მათ შორის, არალეგალებიც.

რაც შეეხება ცდომილებას, ლოგიკური აცდენა არის, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - ხარვეზებით იყო ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერა. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ საპენსიო მაჩვენებლები, რამდენი პენსიონერია საქართველოში და როგორ იზრდებოდა ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. შეგვიძლია ამოვიღოთ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების რაოდენობა. აშკარად ჩანდა, რომ 3 700 000 ვერ იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად, 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არასწორად, არასწორი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს დაზუსტდა. მოსახლეობის მატება რეალურად, არ გვაქვს. მოიკლო მოქალაქეების რაოდენობამ და ეს შეივსო უცხოელის მიგრანტების ხარჯზე. ეს არის რეალობა.

დემოგრაფიის ნაწილში, გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული. რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა. სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, აქ მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. ქორწინების ნაწილში გვაქვს მკვეთრი კლება. ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ღაზას სექტორი იყო მეორე ადგილზე შობადობის თვალსაზრისით, სადაც მშპ სულ მოსახლეზე 500 დოლარია“, - განაცხადა პრემიერმა.