უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე პროგრესის არარსებობის გამო გააკრიტიკა.

ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე შეთანხმება კვლავ ბლოკირებულია.

„დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, პაკეტის ბლოკირება კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხებზე დღეს პოზიციები შეათანხმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს.

„ფაქტობრივად, მთელი მომავალი კვირა დაეთმობა ევროპელებთან ერთობლივ მუშაობას, რათა გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის დაცვისთვის არის საჭირო, რეალურად ამოქმედდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთისა და ირანის თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვხედავთ ინფორმაციას ირანის რეჟიმისთვის რუსეთის დახმარების შესახებ. არის ცნობები, რომ რუსეთი აწვდის დაზვერვის მონაცემებს ირანს, ამერიკელების წინააღმდეგ დარტყმებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე არსებობს მონაცემები, რომ ახლო აღმოსავლეთში გამოყენებულ დრონებში რუსული კომპონენტებია.

„ეს დრონები გამოიყენება როგორც არაბული ქვეყნების, ისე რეგიონში ამერიკელების წინააღმდეგ. თითოეული ასეთი ფაქტი ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს რეჟიმებთან, რომლებიც არა მხოლოდ დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის არსებობითაც ძლიერდებიან – რუსული და ირანული რეჟიმები კოორდინირებულად კლავენ როგორც აქ, ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვისაც, რომ დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთს „შაჰედების“ საფრთხისგან დაცვაში და იმედოვნებს, რომ უკრაინაც მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან შესაბამის მხარდაჭერას თავის დასაცავად.

1tv.ge