2026 წლის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ, მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მიმდინარე წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდება, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ინფლაცია 3% იქნება, ხოლო ლარი შედარებით სატაბილურობას შეინარჩუნებს.
გთავაზობთ, Galt&Taggart-ის მიმოხილვის დეტალებს:
6%-იანი ეკონომიკური ზრდა 2026 წელს
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებების გაგრძელება (განსაკუთრებით ტურიზმიდან, რომლის შემოსავალიც 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ჩვენი შეფასებით), ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე პოზიტიურად აისახება. დამატებით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9.4%-იანი წლიური ზრდა და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება.
ჩვენი პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, რისკები ძირითადად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს უკავშირდება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირება
ჩვენი პროგნოზით, ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელების პროცესი 2026 წლის მარტიდან დაიწყება, რასაც მეტწილად ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში ფასების ზრდის ტემპის შენელება განაპირობებს საბაზო ეფექტის გავლენით (მიმდინარედ, გლობალურად სურსათის ფასები ზედიზედ მე-2 თვეა წლიურად კლებულებს, რაც მოსალოდნელია, რომ ადგილობრივ ბაზარზეც აისახება).
საშუალო წლიური ინფლაცია 3%
ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- მდე შენელდება 2025 წლის მოსალოდნელი 3.9%-ის შემდეგ, რაც შესაძლებელს გახდის სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შეამციროს 2026 წლის განმავლობაში.
2025 სტაბილური ლარი
საბაზისო სცენარში, ლარი 2026 წელს ზოგადად სტაბილური იქნება იმ ძირითადი დაშვებების გამო, რომ: 1) სავალუტო შემოდინებების ზრდა გაგრძელდება, 2) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5%-ზე დაბალ დონეზე იქნება, და 3) დოლარი გლობალურად სუსტი დარჩება.
ჩვენი პროგნოზით, ლარი 2026 წელს საშუალოდ აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.7-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
საბაზისო სცენარის მიხედვით, 2026 წლის მაკრო პროგნოზები:
რეალური მშპ-ის ზრდა - 6.0%
ნომინალური მშპ-ის ზრდა - 9.4%
საშუალო წლიური ინფლაცია - 3.0%
ლარი/$-ის საშუალო კურსი - 2.71
ლარი/€-ის საშუალო კურსი - 3.13
რეფინანსირების განაკვეთი - 7.5%
ტურიზმის შემოსავლები, მლრდ - $ 4.9
ფულადი გზავნილები, მლრდ - $ 3.8
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, %-ად მშპ-თან - 4.8%
ფისკალური დეფიციტი, %-ად მშპ-თან - 2.5%
მთავრობის ვალი, %-ად მშპ-თან - 33.5%