დიდი „სავაჭრო ომები“ XIX საუკუნიდან დღემდე
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ზეწოლის ფონზე, სააგენტო „ფრანს პრესი“ იხსენებს დიდ „სავაჭრო ომებს“, რომლებიც XIX საუკუნიდან დღემდე მომხდარა.
XIX საუკუნე: „ოპიუმის ომები“
XIX საუკუნის შუა ხანებში, ოპიუმით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ორ კონფლიქტში, რომელიც ისტორიაში „ოპიუმის ომების“ სახელით შევიდა, ერთმანეთს ჩინეთი და ბრიტანეთის იმპერია დაუპირისპირდნენ. პირველი კონფლიქტი 1839 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტანეთმა მოაწყო სამხედრო ექსპედიცია, რათა ჩინეთს თავისი ბაზარი გაეხსნა ინდური ოპიუმისთვის, რომელსაც ბრიტანელი ვაჭრები ყიდდნენ. ამ ომში ბრიტანეთმა 1842 წელს გაიმარჯვა, თუმცა, მისი წარმატება მხოლოდ ოპიუმით ვაჭრობის ნებართვის მიღებით არ შემოიფარგლა - ჩინეთს ასევე მოუწია ჰონგ კონგის დათმობა, საერთაშორისო ვაჭრობისთვის ხუთი პორტის გახსნა და საბაჟო ტარიფების ხუთ პროცენტამდე შეზღუდავა. 1856-1860 წლებში გაჩაღებულ ოპიუმის მეორე ომში, ბრიტანეთის მოკავშირე საფრანგეთი იყო და ამ შემთხვევაშიც იმპერიულმა ძალამ გაიმარჯვა, რომელმაც აიძულა ჩინეთი, უცხოელი ვაჭრებისთვის დამატებით კიდევ თერთმეტი პორტი გაეხსნა და დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონოდა.
1890 წელი: მაკკინლის შეტევა
თავდაპირველად რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, მოგვიანებით კი აშშ-ს პრეზიდენტმა, უილიამ მაკკინლიმ 1890 წელს მოახდინა ახალ კანონის მიღების ინიცირება, რომლის საფუძველზეც, ამერიკაში იმპორტირებულ საქონელზე საშუალოდ 50-პროცენტიანი ტარიფი დაწესდა. ამ კანონით გათვალისწინებული გადასახადების ზრდამ ხელი შეუწყო, მაგალითად, თუნუქის ფურცლების წარმოების განვითარებას აშშ-ში, თუმცა, ამავე დროს, ფასების მატება გამოიწვია. იმავე წელს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელებმა მარცხი განიცადეს და უმრავლესობა დემოკრატებს გადააბარეს, ორი წლის შემდეგ კი, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დემოკრატების ლიდერმა ჩაანაცვლა. მაკკინლის მიერ ინიცირებული არაპოპულარული კანონი 1894 წელს გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, 1897 წელს ის მაინც გახდა აშშ-ს პრეზიდენტი. მაკკინლი 1901 წელს, მას შემდეგ მოკლეს, რაც მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ტრამპი ხშირად ასახელებს მას თავისი შთაგონების წყაროდ პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების საქმეში.
1930 წელი: სმუტ-ჰოლის აქტი
სმუტ-ჰოულის აქტით, რომელსაც ორი ამერიკელი პოლიტიკოსის სახელს ატარებს, 20 ათასზე მეტ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქონელზე თითქმის 60-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა. სავაჭრო პარტნიორებმა, კანადის მეთაურობით, საპასუხო ტარიფები შემოიღეს ამერიკულ პროდუქციაზე, რის შედეგადაც, 1929-1933 წლებში აშშ-ის ექსპორტი 61 პროცენტზე მეტით შემცირდა.
XX საუკუნის 60-იანი წლები: „ქათმებით ომი“
გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივად გადაწყვიტეს, დაებეგრათ აშშ-დან ქათმის იმპორტი, რომელიც ოკეანის გაღმა დიდი რაოდენობით იწარმოებდა. ამის საპასუხოთ, შეერთებულმა შტატებმა გადასახადები დააწესა რიგ პროდუქციაზე, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დღემდე იბეგრება. ეგრეთ წოდებული „ქათმებით ომი“ 1961-1964 წლებში მიმდინარეობდა.
1985 წელი: „მაკარონის ომი“
ეს დავა 1985 წელს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, აშშ-ს ბაზრის დასაცავად, ევროპიდან მაკარონის იმპორტზე ტარიფები გაზარდა. ევროპამ ამას აშშ-დან თხილისა და ლიმონის იმპორტზე გადასახადების დაწესებით უპასუხა. ჩიხი ცხრა თვე გაგრძელდა, სანამ შეერთებული შტატები და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (EEC) - რა სახელითაც მაშინ ევროკავშირი იყო ცნობილი - შეთანხმებას მიაღწევდნენ.
1989-2009 წლები: დავა ზრდის ჰორმონების გამოყენებით წარმოებული საქონლის ხორცის გამო
1989 წელს, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობამ ზრდის ჰორმონების გამოყენებით წარმოებული საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა. შეერთებულმა შტატებმა და კანადამ, როგორც ყველაზე მეტად დაზარალებულმა ქვეყნებმა, 1999 წელს ეს გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაასაჩივრეს და 100-პროცენტიანი ტარიფები დააწესეს ევროპიდან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე - ფრანგული „როკფორტის“ ყველიდან დაწყებული და იტალიური ტრიუფელის სოკოთი დამთავრებული. 2009 წლის კომპრომისული შეთანხმების მიხედვით, დავა შემდეგნაირად გადაწყდა: ევროპული საქონლის იმპორტზე გადასახადები გაუქმდა, ხოლო მაღალი ხარისხის, ზრდის ჰორმონების გარეშე წარმოებული საქონლის ხორცზე დაწესებული კვოტები კი თანდათან გაიზარდა.
1993–2012 წლები: „ბანანის ომი“
1993 წელს ევროკავშირმა პრეფერენციული საბაჟო რეჟიმები მიანიჭა აფრიკის, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოფილ ევროპულ კოლონიებს წარმოადგენდნენ. ეს აზარალებდა ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბანანის ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ რამდენჯერმე დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება და ლათინური ამერიკის ქვეყნებს საპასუხო ზომების მიღების ნება დართო. 2012 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ლათინური ამერიკის 11 ქვეყნიდან ბანანის იმპორტის ტარიფების შემცირებას და ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ზომების მიღების შეწყვეტას ითვალიწინებდა.
2002 წელი: ბუში ევროკავშირის წინააღმდეგ
2002 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა სამწლიანი გადასახადები დააწესა 10 კატეგორიის პროდუქტის იმპორტზე, მათ შორის - ბრტყელი ფოლადზე, დაწნულ მავთულსა და შედუღებულ მილებზე. ეს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა აშშ-ს ფოლადის ინდუსტრიის გაძლიერებას, იმპორტის თითქმის 29 პროცენტს შეეხო. აღნიშნულის გამო, ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა და აშშ-ში წარმოებული იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლების 100 პროცენტამდე საპასუხო დაბეგვრით დაიმუქრა. შექმნილ სიტუაციაში, ბუშმა, 2003 წლის ბოლოს, სამწლიანი გადასახადების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ ფოტოზე აშშ-ს ხაზინის მიერ 1956 წელს გამოშვებულ საბანკო ბარათია, რომელზეც გამოსახულია ქვეყნის 25-ე პრეზიდენტი, უილიამ მაკკინლი დონალდ ტრამპისთვის, პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების საქმეში, შთაგონების წყაროა.
წყარო: 1არხი