ბირთვისის კანიონზე საფეხმავლო ბილიკებისა და გადასახედი პლატფორმების მოწყობის სამუშაოები დასრულდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, უკვე დასრულებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი აღნიშნული ცენტრის სარემონტო სამუშაოები ხორციელდება.
„აღნიშნულ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ხიდების, საქანელას, კედელზე საცოცი ატრაქციონის - ვია ფერატას, კოტეჯების და კვების ობიექტის და ზიპლაინის მოწყობის სამუშაოები“, - განგვიცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ცნობისთვის, ადგილზე სამუშაოებს ახორციელებს შპს „ეკოტური“. ინვესტიციის მოცულობა 2-მილიონ ლარს აღემატება.
„ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუმართეს, რომ ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბირთვისის ციხის ტერიტორიას არ ეხება. მათივე ცნობით, სამშენებლო არეალი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის (19.8 ჰა) და სოფელ ამლევის მცირე ნაწილს (0.74 ჰა).