სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება გამოიცა.
სააგენტო, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის იქმნება, მთავრობას დაექვემდებარება. სააგენტოს თავმჯდომარეს კი პრემიერი დანიშნავს.
15 აპრილის №119 დადგენილებით, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტო საქმიანობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად. საგრანტო სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსაზღვრისთვის აკეთებს წინასწარ მოკვლევასა და ანალიზს, რა მიზნითაც მართავს კონსულტაციებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან/საჯარო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით კი აცხადებს საჯარო კონკურსს, რომლის შედეგადაც საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან საგრანტო ხელშეკრულებებს აფორმებს. ის ასევე მონიტორინგს გაუწევს გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააგენტოს ფუნქციებში აღნიშნულია ისიც, რომ მან უნდა გამართოს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების მიზნით.
სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
- სახელმწიფო გრანტის მართვის დეპარტამენტი;
- სახელმწიფო გრანტის მონიტორინგის დეპარტამენტი;
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
რაც შეეხება საგრანტო განაცხადების განმხილველ საბჭოს შედგება 19 წევრისგან, რომელთაგანაც ერთი წევრი არის თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი წევრები წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ. საბჭოს თავმჯდომარეა სააგენტოს თავმჯდომარე.
ვრცლად: bm.ge