ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჟენევაში ორდღიანი სწავლებები გამართა, რომლებიც შესაძლო პანდემიას მიეძღვნა. The Telegraph-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში 15 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის დანია, კატარი, სომალი, გერმანია, საუდის არაბეთი და სხვა.

სიმულაციის ფარგლებში მოდელირებულ იქნა გამოგონილი ინფექციის „მამონტის ყვავილის“ აფეთქება. სცენარის მიხედვით, ვირუსის გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთაშორისო მკვლევრებმა და დოკუმენტალისტებმა არქტიკაში მამონტის გაყინული ნარჩენები აღმოაჩინეს და ქსოვილების ანალიზი პირდაპირ ადგილზე ჩაატარეს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი მათ ყვავილის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ.


ჯანმომ განმარტა, რომ ასეთი სცენარის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ძველმა პათოგენებმა შესაძლოა, ყინვის პირობებში აქტიურობა ათასობით წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. კლიმატის შერბილება კი, მათივე თქმით, ამ მიკროორგანიზმების ზედაპირზე გამოსვლის რისკს ზრდის.

ყველა მონაწილე ქვეყანამ ინფექციის განვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ეს გაკეთებული იქნა მონაცემების გაცვლის მექანიზმისა და კოორდინაციის დონის შემოწმების მიზნით. მაგალითად, ერთ-ერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაინფიცირებული მეცნიერი საკრუიზო ლაინერზე მოხვდა რამდენიმე ათას მგზავრთან ერთად. კატარში კი გავრცელების წყაროდ მასობრივი ღონისძიებები იქცა.


სახელმწიფოების ნაწილმა მაშინვე დახურა საზღვრები და გადაადგილება შეზღუდა, სხვებმა კი საზღვრები ღიად დატოვეს და აქცენტი დაავადებულთა იზოლაციაზე და კონტაქტების მიდევნებაზე გააკეთეს.

სწავლებების ფარგლებში, ქვეყნების წარმომადგენლები თათბირებს Zoom-ში მართავდნენ. ჯანმომ აღნიშნა, რომ სიმულაციის დროს მონაწილეებმა შეძლეს კოორდინაცია და ინფექციის გავრცელების შენელება. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ რეალურ პირობებში ამოცანები გაცილებით რთული იქნება. 
სწავლების პერიოდში არ განხილულა ისეთი საკითხები, როგორიცაა ვაქცინაცია, ამასთან, არ ყოფილა გათვალისწინებული აშშ-ის ჯანმოდან შესაძლო გასვლა.

წყარო: jandacva.ge