უძრავი ქონების გაქირავების კუთხით ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია. მართალია, ის არ გაიაფებულა, მაგრამ ბროკერებისთვის რთული გახდა ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. განსაკუთრებით უჭირთ პრემიუმ კლასის ბინების მფლობელებს, ხოლო, რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინებს, მასზე მოთხოვნა მუდამ მაღალია. ამ კუთხით ბაზარზე დეფიციტია და მოთხოვნის დაკმაყოფილება ძნელია. 

როგორც წესი, მარტიდან მოყოლებული ბაზარი აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ამ დღესდღეობით, როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მდგომარეობა არასახარბიელოა. რაც შეეხება საიჯარო ფასს, ის დასტაბილურებულია და ვარდნის პერიოდი შეჩერებულია.

მართალია, გაზაფხული უძრავი ქონების ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია, მაგრამ ეს სეზონური გამორჩეულობა დღეს სფეროს არ ეტყობა. სპეციალისტები ერთხმად ადასტურებენ, რომ სფეროში სირთულეებია. მიწოდების კუთხით დეფიციტი არაა, მაგრამ მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იკლებს.

საინტერესოა, რას უკავშირებს სფეროში არსებულ სირთულეებს ,,ჯეორეალთის" დამფუძნებელი მაია გამზარდია. მან ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, მაგრამ გაქირავება და მომხმარებლის მოძიება ბაზარზე რთულია.

,,ჩემი კომპანიის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნა ქირაზე შემცირებულია, ფასები კვლავ კლებისკენაა. ეს ეხება, როგორც პრემიუმ კლასის ასევე საშუალო სეგმენტის ბინებს. ვარდნის ტენდენცია ყველა მიმართულებით იკვეთება. მოგეხსენებათ, უძრავი ბაზარის სფერო სენსიტიურია და ქვეყანაში არსებული სირთულეები, პირველ რიგში, ჩვენს სეგმენტზე აღინიშნება.

შედარებით სხვა სურათია ე.წ. ,,ბიუჯეტურ" ბინებზე. მართალია, ამ მიმართულებით არ ვმუშაობ, მაგრამ ვიცი, რომ მოთხოვნა დღითი დღე მზარდია. ეს გარემოებაც მიუთითებს, თუ როგორი სოციალური ფონია ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, როცა ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია ის ცდილობა, საკუთარ შემოსავალს მოერგოს. ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვისაც ეეხალისებოდეს ასეთ ბინაში ცხოვრება. თქვენ იცით, რომ კომფორტი ყოველთვის ფასთან შესაბამისობაშია. არსებული დამოკიდებულება კი, ცალსახად მეტყველებს შექმნილ ვითარებაზე.

მიუხედავად გაქირავების კუთხით არსებული სირთულეებისა, ფასები ბაზარზე შენარჩუნებულია. გაზაფხული აქტიური სეზონია და იმედს ვიტოვებ, სფეროშიც გამოცოცხლება დაიწყება. არაა გამორიცხული, რომ მომდევნო თვეებში მოთხოვნა უფრო გამოიკვეთოს და სფეროს გამოცოცხლება დაეტყოს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გამზარდიამ.

ვრცლად: www.resonancedaily.com