ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ აპრილში ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია კოსმოსური ნარჩენების დასუფთავების კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას და ორბიტა მათგან გაიწმინდოს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კოსმოსური ნაგავი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ამ ზრდის ფონზე კი შესაძლებელია წარმოიშვას ე.წ. კესლერის სინდრომი (დედამიწის ახლო ორბიტების გამოყენება შეუძლებელი იქნება მისი ნარჩენებით დაბინძურების გამო).

„იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ კოსმოსს ახალი ნარჩენებით არ დავაბინძურებთ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ შეჯახებების სერია თავიდან ავიცილოთ“, - ნათქვამია დასკვნაში.

ბოლო მონაცემებით, კოსმოსური ნარჩენების რაოდენობა 1,2 მილიონს სცდება. მათგან 50 000-ზე მეტის ზომა ათი სანტიმეტრია. სპეციალისტების თქმით, ერთ სანტიმეტრიან ნარჩენებთან შეჯახებამაც კი შესაძლოა სატელიტური სისტემები მწყობრიდან გამოიყვანოს.

კოსმოსური ნარჩენების შესამცირებლად ევროპული კოსმოსური სააგენტო გასცემს რეკომენდაციებს, კოსმოსური აპარატების პროექტირება მოხდეს იმგვარად, რომ ისინი ექსპლუატაციიდან გასვლის შემდეგ 25 წლის მაგივრად ხუთი წლის განმავლობაში თვითონვე განადგურდეს.

ევროპული კოსმოსური სააგენტო 2028 წლისთვის კოსმოსურ მისიას გეგმავს, რა დროსაც სტარტს ClearSpace-1 აიღებს, რომლის მიზანიც სწორედ კოსმოსური ნარჩენების განადგურება იქნება.

წყარო: imedinews.ge