იტალიაში აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. განსაკუთრებულად ბევრი მომხმარებელი ჰყავთ საკონდიტრო მაღაზიებს. სააღდგომოდ იტალიაში განსაკუთრებით პოპულალურია ნეაპოლური ტარტი და პასქა კოლომბა.

იტალიურად სიტყვა კოლომბა მტრედს ნიშნავს. პასქასაც მტრედის ფორმა აქვს და ის მშვიდობისა და აღდგომის სიმბოლოა. კლასიკურ კოლომბას დაშაქრულ ფორთოხლის ნაჭრებსა და ვანილს ან ვანილის ექსტრაქტს უმატებენ. იტალიის დედაქალაქის რომის ერთ-ერთი საკონდიტროს მფლობელი და შეფ-მზარეული ჯოვანი კოლელა ამბობს, რომ დღეს იტალიაში კოლომბას ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს და მას ყველა თავისი გემოვნებით ამზადებს.

„კლასიკური კოლომბას დასამზადებლად საჭიროა დაშაქრული ფორთოხლის ნაჭრები,  ვანილის ექსტრაქტი, კვერცხის გული და კარაქი. სხვა დანარჩენი დროთა განმავლობაში შეიქმნა. არსებობს მრავალი სახეობა და არომატი. არის შოკოლადის, ფსტის, გარგრის, პეკანისა და კენკრის კოლომბები. თუმცა მე მაინც ტრადიციულს ვამზადებ”, – ამბობს ჯოვანი კოლელა.

ჯიოვანი კოლელა ამბობს, რომ უფრო ხშირად ნეაპოლურ ტარტს უკვეთავენ.

„ნეაპოლური ტარტი სეზონის დედოფალია. ჩვენ ასობით ტარტს ვამზადებთ. შემდეგ არის კოლომბა. ასევე ხშირად უკვეთავენ ყველის პიცას, ორცხობილასა და სხვა სააღდგომო ნამცხვრებს, მაგრამ მთავარი მაინც ნაპოლეტანა და კოლომბაა,” – ამბობს ჯოვანი კოლელა.

ექსპერიმენტულ და ინოვაციურ პასქებსა და ტარტებს ამზადებენ საკონდინტრო მაღაზია „გრუეში”. საკონდიტროს თანადამფუძნებელმა მარტა ბოკანერამ წელს სააღდგომოდ სამეფო იასამისფერი კოლომბა დაამზადა.

„წელს ჩვენი ახალი მთავარი  პროდუქტი „სამეფო იასამისფერი კოლომბაა”. რატომ ავარჩიეთ ეს ფერი? ჩვენ შევეცადეთ, იასამნისფრის სიმბოლიკა შეგვეცვალა, რადგან იასამნისფერი  აღდგომის პერიოდში სინანულს აღნიშნავს. ჩვენ კი გვინდოდა, ეს ფერი აღდგომის დღესასწაულის გამოსახატავად გამოგვეყენებინა. დამატებული ყვავილები კი გაზაფხულის შეგრძნებას იწვევს”, – ამბობს მარტა ბოკანერა.

იტალიის საკვების კავშირის ასოციაციის კვლევის თანახმად, 10 იტალიური ოჯახიდან სააღდგომოდ 8 ოჯახი კოლომბას ყიდულობს. 2024 წლის მონაცემებით, სააღდგომოდ კოლომბა პასქის მთლიანი წარმოება 24,227 ტონას შეადგენდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 97 მილიონ ევროს მიაღწია. ნეაპოლური ტარტი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულალური ხდება, თუმცა პასქა კოლომბა სააღდგომოდ იტალიაში მაინც ყველაზე მეტად იყიდება.

წყარო: euronews georgia