სატარიფო ომების ესკალაცია და OPEC+-ის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ზეწოლას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.
როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, ნავთობის ფასი 11-12 დოლარით დაეცა და Urals-ის ტიპის ნავთობზე 53 დოლარს შეადგენს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებზე.
„ნავთობის ფასების დაცემამ და საექსპორტო შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია რუსეთის მშპ-ის თითქმის ნულოვანი ზრდა.
რუსეთის ბიუჯეტის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე (დაახლოებით მესამედი) მას უკიდურესად დაუცველს ხდის. რუსეთის ბიუჯეტში Urals-ის ფასი ბარელზე 69,70 დოლარით არის დაფიქსირებული, ხოლო დოლარის კურსი 96 რუბლით. ახლა რუბლიც გამყარებულია და ბარელის ფასიც უფრო დაბალია. რუბლებში, ბარელი 5 ათას რუბლზე ნაკლები ღირს, ხოლო ბიუჯეტში გათვალისწინებულია თითქმის 7 ათასი.
ნავთობის დაბალი ფასები ნიშნავს იმას, რომ გადამამუშავებელ ქარხნებს მოუწევთ წარმოებისთვის საჭირო მეტი დანახარჯის კომპენსირება. ეს, თავის მხრივ, გაზრდის ნავთობის წარმოების ღირებულებას და შეამცირებს სახელმწიფოს შემოსავალს. თუ ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების სუბსიდიები შემცირდება, ისინი იძულებულნი იქნებიან თავიანთი დანახარჯები მომხმარებლების ხარჯზე დააბალანსონ. თუ სუბსიდიები შენარჩუნდა, შეიძლება მოხდეს გადამუშავების შემცირება, რაც გამოიწვევს ნავთობპროდუქტების დეფიციტს და შიდა ბაზარზე ფასების ზრდას.
საექსპორტო შემოსავლების შემცირება გამოიწვევს რუბლის შესუსტებას და ინფლაციის დაჩქარებას. ინფლაცია, თავის მხრივ, გაახანგრძლივებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდს.
ამასობაში რუსეთში უარესდება როგორც მაკრო, ასევე მიკროეკონომიკური მდგომარეობა. სამრეწველო ინდუსტრიის ზრდა რუსეთში თითქმის ნულამდე დაეცა. კლება შეინიშნება ტრანსპორტში, საბითუმო ვაჭრობაში, სოსოფლო-სამეურნეო ტექნიკის წაემოებასა და სამთო მოპოვებაში, ასევე მცირდება სატვირთო, მათ შორის სარკინიგზო გადაზიდვები. ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა უკვე 2.17 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ისევ დაიწყო ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების გამოყენება, რომელიც ისედაც 2/3-ით შემცირებულია ომის დაფინანსების გამო. თუ ტენდენცია გაგრძელდება, შეიძლება საჭირო გახდეს შიდა სესხების აღება და საბიუჯეტო ხარჯების სეკვესტრი“, - წერს სურამელაშვილი.