ნოემბრის თვეს Yandex-ი საქველმოქმედო კამპანიას — „გულისხმიერი ნოემბერი“ უძღვნის. ყოველ პარასკევს, ყველა ის მომხმარებელი, რომელიც Yandex Go-ს სერვისით ისარგებლებს, მასში ავტომატურად ჩაერთვება. კამპანიის ფარგლებში იგულისხმება როგორც მგზავრობა, ასევე მიტანის სერვისი. კერძოდ, ტაქსით მგზავრობის პერიოდში, ყოველ 10 კმ-ზე კომპანია 10 თეთრს ქველმოქმედებას მოახმარს, ხოლო საკვების განყოფილებაში გაკეთებულ, მინიმუმ, 5-ლარიან შეკვეთაზე საქველმოქმედო ფონდები/ ორგანიზაციები 20 თეთრს მიიღებენ. შემოსული თანხები მოხმარდება მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარებას.
„ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტს, და გვსურს რომ მის ირგვლივ ყველა ჩვენი მომხმარებელი ავტომატურად გავაერთიანოთ. სიკეთის კეთება მარტივია და მის განსახორციელებლად მხოლოდ სურვილია საჭირო. გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს ვინც დახმარებას საჭიროებს და საქველმოქმედო კამპანიის მონაწილეები ანუ ჩვენი მომხმარებლები მასში ჩვეული, რეგულარული ქმედებით ჩავრთოთ.
მსგავსი აქტივობები Yandex Go-ს კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, ამიტომ სერვისის მომხმარებლებთან ერთად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქველმოქმედებაში“- განაცხადა Yandex Go-ს ხელმძღვანელმა ირაკლი რეხვიაშვილმა.
საქველმოქმედო აქცია „გულისხმიერი ნოემბერი“ ქვეყანაში პირველად ტარდება და მისი შედეგები, 3 დეკემბერს — „გულისხმიერ სამშაბათს“ შეჯამდება. ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაკომერციული ორგანიზაციები, მოხალისეები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როგორ ეხმარებიან ადამიანებს და რა სახის საქველმოქმედო კამპანიებს აწარმოებენ, რომელთა მეშვეობით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სიკეთის კეთებაში.
kvira.ge