საქართველოში სამი წამყვანი სააფთიაქო კომპანიის, „გეფას“, PSP-სა და „ავერსი ფარმას“, ჯამურმა შემოსავალმა 2025 წელს 2.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ხუთ წელიწადში 71%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ფინანსური ანალიტიკური პლატფორმა FinSPOT-ის სააფთიაქო ბიზნესის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის თანახმად, 2025 წელს სამივე კომპანიის შემოსავლები ერთმანეთს თითქმის გაუთანაბრდა და 930-954 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთან, 2020-2025 წლებში ყველაზე სწრაფად „ავერსი ფარმა“ გაიზარდა, მისი შემოსავალი თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში PSP-ს შემოსავალი 60%-ით, ხოლო „გეფას“ — 40%-ით გაიზარდა. შედეგად, თუ 2020 წელს „ავერსის“ შემოსავალი „გეფას“ მაჩვენებლის 56%-ს შეადგენდა, 2025 წელს ეს თანაფარდობა უკვე 98% იყო.
მომგებიანობით სამეულში „გეფა“ ლიდერობს. FinSPOT-ის მონაცემებით, კომპანიის EBITDA მარჟა 2020 წლის 13.8%-დან 2025 წელს 15.4%-მდე გაიზარდა. ამასთან, „გეფას“ საცალო გაყიდვების საერთო მარჟა 36.3%-ია, საბითუმო გაყიდვების კი — 25.5%. PSP-ს შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 27.6% და 8.5%-ია.
სააფთიაქო კომპანიების ბრუნვის 78-83% საცალო გაყიდვებზე მოდის, დანარჩენი კი საბითუმო ბიზნესს უკავია, რომელიც სახელმწიფო პროგრამებს, საავადმყოფოებსა და სხვა აფთიაქებს ემსახურება. საცალო ქსელი კომპანიებისთვის მოგების ძირითადი წყაროცაა: „გეფას“ საერთო მოგების 83%, ხოლო PSP-ს შემთხვევაში 94% საცალო გაყიდვებიდან მიიღება.
მიმოხილვის მიხედვით, 2021-2025 წლებში სამმა კომპანიამ ჯამურად 428 მლნ ლარის დივიდენდი გაანაწილა, რაც ამ პერიოდის წმინდა მოგების 51%-ს შეადგენს.
