საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ოქტომბერში თბილისისა და რეგიონების 15 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართა.
სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული შეხვედრების მიზანი მოსწავლეებში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ მომხმარებლის ძირითად უფლებებს, მათი დაცვის მექანიზმებსა და კონკურენციის პოლიტიკის პრინციპებს. ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მაგალითებზე, მოვაჭრის ვალდებულებებზე, ონლაინ ვაჭრობის წესებზე, ნივთის 14 დღის განმავლობაში უპირობოდ დაბრუნების უფლებასა და საგარანტიო პირობებზე. პრეზენტატორები განიხილავდნენ ონლაინ ვაჭრობისას შესაძლო რისკების თავიდან აცილების პრევენციულ ზომებსაც.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში, პრაქტიკული მაგალითებისა და კითხვა-პასუხით წარიმართა. მოსწავლეები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობასა და საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის, კონკურენციის ონლაინ ლექსიკონსა და ფასების შედარების პორტალს- eKalata.gov.ge-ს, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ფასების შედარებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ინფორმირებასა და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს