Colliers Georgia-ს შეფასებით, 2026 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების 4 486 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.8%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში უძრავი ქონების საცხოვრებელი ბაზრის მოცულობამ 36.7%-ით მოიმატა და 393 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

განსაკუთრებით აქტიური იყო ახალი პროექტების ბაზარი. ივლისში ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 29.8%-ით გაიზარდა. ზრდა როგორც პირველადი, ისე მეორეული გაყიდვების მიმართულებით დაფიქსირდა — შესაბამისად, 30.5% და 28.9%.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ახალი პროექტების ბაზარზე აქტივობის მატება, მათ შორის, გაზრდილ მიწოდებას უკავშირდება. ზრდის ყველაზე დიდი წილი, 44%, სამგორის რაიონზე მოდის. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 1.6%-ით გაიზარდა.

ბინების როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში გაყიდვების უმეტესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა ივლისში 12% შეადგინა.

ფასების მხრივაც ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გარეუბნებში 10%-ით, ფართო ცენტრში 14.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 13.3%-ით გაიზარდა. მთლიანად თბილისის პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით მოიმატა.

მეორეულ ბაზარზე ფასების წლიურმა ზრდამ ქალაქის მასშტაბით 9.6% შეადგინა.

რაც შეეხება ძველ პროექტებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 15.1%-ით, ფართო ცენტრში 2.3%-ით, ხოლო გარეუბნებში 12.8%-ით გაიზარდა. თბილისის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასების ზრდამ 13.8% შეადგინა.