ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ და საცალო სექტორის ზრდამ პოზიტიური გავლენა მოახდინა კომერციული უძრავი ქონების სექტორზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, ქუჩის სავაჭრო ობიექტებსა და ბიზნეს ცენტრებზე, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, კომერციული უძრავი ქონებაც, ძირითადად, თბილისშია კონცენტრირებული.
„თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291,728 კვ.მ-ს შეადგენს. ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53,901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა, სადაც წარმოდგენილია ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები.
2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე $24.1 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მაღალია. იმავე პერიოდში, ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $23.1 იყო, 5%-ით მაღალი ვიდრე 2023 წელს. დადებითი დინამიკა ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნითა და აჭარაში არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებით იყო განპირობებული. მომდევნო წლებში ახალი სავაჭრო ცენტრები თბილისს, ბათუმსა და თელავს შეემატება.
თბილისის სამომავლო მიწოდებიდან აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრებიდან აღსანიშნავია თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება და ასევე, სავაჭრო სახლი-ბავშვთა სამყარო, რომელზეც სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა. მომდევნო წლებში ბათუმს ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება: ორბი სითი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ხოლო, თელავში ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ.-ზე $31-ს შეადგენდა, მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო - კვ.მ.-ზე $25.5 -ით. თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ. - $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ. - $33.2) გამზირებზეა. ბათუმში გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ.-ზე $29.4-ს შეადგენს. თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება.