Starbucks-ზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანია Axis Towers-ში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გახსნის დღიდან ობიექტში რიგებია.
"აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა. ობიექტი იმდენად დატვირთულია გახსნის დღიდან, რომ რიგები არ წყდება. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ 13 ივლის Grand Opening- ი იგეგმება - გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა", - აცხადებენ Axis Towers-ში.
ცნობისთვის, თბილისში, Axis Towers-ში Starbucks-ი 3 ივლისს გაიხსნა. საქართველოში "სტარბაქსის" მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.