მარსელი ჭრელაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანიდან ჩამოვიდა. უკვე მრავალი წელია, საკუთარი ფერმა აქვს. მისი ნაწარმი კი თბილისში, სავაჭრო სივრცეში „ბაზარი ორბელიანზე” გამართული ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაზეა წარმოდგენილი.

გამოფენაში  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 30 მეწარმე ქალი მონაწილეობს. თითოეულ დახლზე კი, მათ მიერ დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი.

ქალები ამბობენ, რომ ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლიათ, რომ თავიანთი ნაწარმი სხვებსაც გააცნონ. ამბობენ, რომ ბევრ წარმატებასთან ერთად სირთულეებიც ხვდებათ.

ამ გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სავაჭრო სივრცესთან (ბაზარი ორბელიანზე) თანამშრომლობითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით მართავს. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ღონისძიების მიმართ ქალი მეწარმეების დაინტერესება ძალიან მაღალი იყო.

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: euronews georgia