საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს გაერთიანებამ, სააქციო საზოგადოება „ნიკორამ“ რებრენდინგი განახორციელა და ოპერირებას NMG-ის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) სახელით განაგრძობს.

NMG მრავალპროფილური საინვესტიციო პლატფორმაა, რომლის მიზანი მდგრადი, ღირებულებებზე დაფუძნებული და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა.

კომპანიის ისტორია 1998 წელს ხორცპროდუქტების წარმოებით დაიწყო და წლების განმავლობაში მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად ჩამოყალიბდა. დღეს NMG სხვადასხვა სექტორში მოქმედ წარმატებულ შვილობილ ბრენდებს აერთიანებს. მათ შორისაა: შპს „ნიკორა“ და შპს „კორიდა” (ხორცპროდუქტების წარმოება), სს „ნიკორა ტრეიდი“ (სუპერმარკეტების ქსელი), შპს „პარტნიორი“ (სადისტრიბუციო კომპანია), შპს „ინტრეიდი“, შპს „მულტიტრეიდი” (იმპორტი) და სხვა.

NMG-ის საქმიანობა ფოკუსირებულია ჯგუფში შემავალი კომპანიების სტრატეგიული განვითარების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერებისკენ. რებრენდინგის მიზანი მმართველობითი ფუნქციის დამოუკიდებელი იდენტობით გამოკვეთა და ჯგუფის სტრატეგიული როლის მკაფიო პოზიციონირება გახლდათ.

NMG საერთაშორისო ბაზარზე BB- საკრედიტო რეიტინგით არის აღიარებული, რაც ადასტურებს საინვესტიციო პლატფორმის ფინანსურ გამჭვირვალობასა და სანდოობას.