ამერიკული გამოცემა Newsweek-ი აქვეყნებს პირველ ფოტოს, როგორი იქნება „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტი.

როგორც გამოცემა წერს, პროექტის საერთო ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ტრამპთაუერ თბილისი“ 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ ექვსი შენობისგან შედგება, რომლის ცენტრალური ნაწილია „ტრამპთაუერ თბილისი“. პროექტი დედაქალაქის ცენტრში აშენდება და დაახლოებით 600 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის გააერთიანებს  ბიზნესცენტრს, სასტუმროს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს. პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ი ახორციელებს.

„დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში“, – წერს გამოცემა.

პროექტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახური კომპანიის გლობალური გაფართოების ნაწილია. სამეთვალყურეო ორგანიზაციის, CREW-ის მონაცემებით, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 24 პროექტს ახორციელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი კითხვებს აჩენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ბიზნესინტერესებმა გავლენა მოახდინოს სავაჭრო მოლაპარაკებებზე.

ამ ვარაუდს თეთრი სახლი უარყოფს. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანა კელიმ Newsweek-ს განუცხადა, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ბრალდებები უარყო Trump Organization-მაც და განაცხადა, რომ კომპანია „საპრეზიდენტო უფლებამოსილებისგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და სრულად პასუხობს ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის კანონებს“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში „ტრამპთაუერ თბილისის“ მშენებლობას ადგილობრივ პარტნიორებთან, „Blox Group“, „Archi Group“ და „Biograpi Living“-თან ერთად გეგმავს.