საქართველოს 3 უმსხვილესი დეველოპერი, ილია წულაია, ლაშა კვაჭაძე და სოსო ფხაკაძე თბილისში Trump Towers აშენებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან, „Blox Group“, „Archi Group“ და „Biograpi Living“-თან ერთად, 70-სართულიანი ლაქშერი საცხოვრებელი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ვებ გვერდზე.
„ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს.
ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.
მას არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს. პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization-ი.
ოფიციალურ განცხადებაში, კომენტარს ქართული უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებიც აკეთებენ:
Archi Group-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია: „Trump Tower Tbilisi- ის პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
Blox Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე: „Trump Tower Tbilisi საერთაშორისო ნდობის გამოხატულებაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს“.
Biograpi Living-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე: „Trump Tower Tbilisi მსგავსი პროექტებით ქალაქში შემოგვაქვს ახალი მასშტაბი, ხარისხი და გლობალური მნიშვნელობა”.
განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.