ესტონელებმა, რომლებიც ძველი დიზელისძრავიანი ავტომობილების მფლობელები არიან, მანქანის ავზების შესავსებად, ბენზინგასამართი სადგურების ნაცვლად, სუპერმარკეტებს მიაშურეს.
როგორც გამოცემა Delfi Ärileht-ი იუწყება, შედარებით ძველი და, შესაბამისად, მარტივი დიზელის ძრავების მქონე ავტომობილების ზოგიერთმა მფლობელმა დიზელის საწვავი მცენარეული ზეთით ჩაანაცვლა, რადგან პირველის ყიდვა 1 ევროზე ნაკლებადაც არის შესაძლებელი, მაშინ როცა მეორეს ფასი 2 ევროს აჭარბებს.
კარლო, რომელიც თავისი 1997 წლის გამოშვების „ფოლკსვაგენ ტრანსპორტერის“ ასამუშავებლად ხანდახან ჩვეულებრივ საკვებ ზეთს იყენებს, განმარტავს, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ძველი ძრავების შემთხვევაში შეიძლება და ცოტაოდენი დიზელის შერევა მათაც სჭირდებათ, რადგან მხოლოდ საკვები ზეთით სავსე ავზით „ცივი მოტორის“ დაქოქვა რთულია.
ამ სეზონზე კარლოს ავტომობილმა, მხოლოდ საკვები ზეთით, 2 000 კილომეტრი გაიარა და როგორც მისი მფლობელი ამბობს, „არანაირი პრობლემა“ არ ჰქონია.
ესტონურ მაღაზიებში 1 ლიტრი მცენარეული საკვები ზეთის ყიდვა სულ რაღაც 0,99 ევროდ არის შესაძლებელი, საზღვრის მიღმა, ლატვიაში კი, რომელიც კარლოს სახლიდან არც ისე შორს არის, ის კიდევ უფრო იაფი ღირს.
მისივე თქმით, თანხის დაზოგვასთან ერთად, საკვები ზეთის გამოყენება დიზელის უსიამოვნო სუნსაც ანაცვლებს. „თითქოს საცხობში მართავდე მანქანას“, - აღნიშნა მან.
სუპერმარკეტების ქსელ „სელვერის“ კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან იარველას განცხადებით, რაფინირებული საკვები ზეთის გაყიდვები „სელვერში“ ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა, მაგრამ კომპანიას არ შეუძლია იმის თქმა, თუ რისთვის იყენებენ მას მომხმარებლები.
აქციზის გადახდა კვლავ სავალდებულოა
თუმცა, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის აქციზის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, პიტერ-ტანელ ოროს განმარტებით, იმის მიუხედავადა, საწვავი წიაღისეული დიზელია თუ არა, კანონის თანახმად, ნებისმიერი სითხე, რომელიც საავტომობილო საწვავად ან მის დანამატად გამოიყენება, დაბეგვრას ექვემდებარება.
„ეს ნიშნავს, რომ თუ რაფსის ზეთი ან ნებისმიერი სხვა საკვები ზეთი სატრანსპორტო საშუალებაში საწვავად გამოიყენება - იქნება ეს სუფთა სახით თუ დიზელთან შერეული - მასზე აქციზი დიზელისთვის დადგენილი განაკვეთით უნდა გადაიხადონ “, - ამბობს ორო და დასძენს, რომ აქციზის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება ეკისრება ნებისმიერ პირს, ვინც ამგვარ სითხეს საწვავად იყენებს.
ამასთანავე, მისივე განმარტებით, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტს ბოლო დროს არ გამოუვლენია შემთხვევები, როდესაც საკვები ზეთს საწვავად იყენებდნენ.
წყარო: 1 არხი