ჰიდროენერგეტიკისთვის არსებული 8-თვიანი CFD ტარიფი 12 თვემდე უნდა გაიზარდოს - ამის შესახებ BMG-სთან „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე საუბრობს.
მისი თქმით, ჰიდროენერგეტიკას მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ყველაზე ბევრი პრობლემა ამ სექტორშია.
„ზოგადად, ყველაზე რთული და ყველაზე გრძელი გზა ჰიდროენერგეტიკას აქვს გასავლელი - ჯერ მარტო პროექტირების, კვლევის და ნებართვების ნაწილში, ან თუნდაც გარემოსდაცვითი მიმართულებები რომ გაიარო, დაახლოებით წელიწად-ნახევარია საჭირო. შემდეგ სამ წლამდე პერიოდი მშენებლობას სჭირდება. ეს ძალიან რთული პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემები ჰიდროენერგეტიკას აქვს ამიტომ თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ჰესები რეალურად აშენდეს, გარანტირებული, ანუ CFD ტარიფი, რომელიც რვათვიანი გვაქვს, რეალურად 12-თვიანი უნდა გახდეს. რომ გადავხედოთ, სერიოზული ჰიდროსადგურები, რომელიც ამ ქვეყანაში აშენდა, ყველას 12-თვიანი გარანტირებული შესყიდვის ტარიფი აქვს“ - ამბობს BMG-სთან გიორგი მარგებაძე.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკის განვითარება გაჭირდება, რადგან, ყველა სამშენებლო მასალა გაძვირებულია.
„ვიცით, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში ზოგადად, ამ ომების გამო როგორ გაძვირდა თუნდაც საწვავი - მშენებლობის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია საწვავზე, ტექნიკის მუშაობაზე, რაც მშენებლობას ძალიან აძვირებს. აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა, გაძვირდა რკინა, აგრეგატი... თუ არ გვინდა, რომ რამდენიმე წელიწადში საერთოდ ჩავქრეთ და სერიოზული პრობლემები შეგვექმნას, ეს საკითხი მისახედია და პოლიტიკა შესაცვლელი.
თუ მზეს ვაძლევთ 12-თვიან გარანტირებულ შესყიდვას, ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა მივცეთ ჰიდროენერგეტიკას - სტაბილურობის, ენერგეტიკული, მდგრადობის თვალსაზრისით ჯობს. ყველა ასპექტში, ჰიდრო ყოველთვის პირველია და უკვე შემდეგ არის მზე და ქარი. შესაბამისად, ეს მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია“, - განმარტავს გიორგი მარგებაძე.
მისი თქმით, 12-თვიანი ტარიფები გათვალისწინებული უნდა ყველა იმ პროექტისთვის, რომელიც კვლევის და სამშენებლო სტადიაზე. ასევე, მათთვისაც, ვისაც მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აუღია.
„ეს ძალიან მარტივია - ახალი განკარგულება უნდა გამოვიდეს და მემორანდუმი რაც არის, დამატებითი შეთანხმება გაკეთდეს. ეს იურიდიული, ან როგორც იტყვიან, ტექნიკური საკითხია. მთავარია ნება იყოს“ - ამბობს გიორგი მარგებაძე.
ცნობისთვის, სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგებში შემდეგი ტარიფები დაფიქსირდა:
- ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი
- მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:
- (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
- (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
- (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი
- სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი.
სახელმწიფოს მხარდაჭერის პერიოდი განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის განსხვავებულია. ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.