დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღაზიის თაროებზე არსებული ფასდაკლებების ძირითადი ფინანსური ტვირთი არა ქსელურ მარკეტებზე, არამედ მიმწოდებლებზე მოდის.

კერძოდ, ის ამბობს, რომ პროდუქციაზე "აქციების" 90% სწორედ სადისტრიბუციო კომპანიებისა და ადგილობრივი მწარმოებლების მიერ ფინანსდება.

რიჟამაძის თქმითვე, რითეილ სექტორში არსებული არათანაბარი ძალაუფლების გამო, საჭიროა ევროკავშირის დირექტივების სრულფასოვანი დანერგვა, რაც მიმწოდებლების ინტერესებს დაიცავს და ქსელების მხრიდან დაწესებულ ფინანსურ წნეხს შეამსუბუქებს.

„ზოგადად, ნებისმიერი ფასდაკლებისას, რასაც მომხმარებელი თაროზე ხედავს, მათი 90% ისედაც დაფინანსებულია, ანუ მთლიანად ფინანსური ტვირთი მოდის სადისტრიბუციო კომპანიაზე და ადგილობრივ მწარმოებელზე. როგორ ფორმდება ეს ყველაფერი? ეს ფასდაკლება პირდაპირ ხელშეკრულებით არის გაწერილი ქსელურ მარკეტებთან და ამის იქით კიდევ იმ დაწესებული არაერთი გადასახადიდან გამომდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემდგომ რითეილი ახდენს უკვე ამ აქციების ჩატარებას.

თუ ავიღებთ იმას, თუ სად არის დღეს ეს ტვირთი ეს ტვირთი არის დისტრიბუტორისა და მწარმოებლის მხარეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბიზნესს სუბიექტს და მაქსიმალურად სადისტრიბუციო კომპანიებს, ძირითადად „გაწურული ფასი“ (მოდი ეს ტერმინი ვიხმაროთ) აქვთ. მაქსიმალურად აქვთ ის მიწოდების ფასი განსაზღვრული, სადაც ფიზიკურად და ტექნიკურად იმდენად რთულ მოცემულობაში არიან, რომ კიდევ რაღაც დამატებითი პროცენტის გაღება მხოლოდ მათ ხარჯზე, საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდება.

ამიტომ, ამ საკითხზე ყველა ბიზნესს ობიექტის ჩართვა ამ კამპანიაში მისასალმებელია. რაც მეტი შეღავათი ექნება მოსახლეობას და მომხმარებელს, ბუნებრივია, ყველასათვის კარგია, მათ შორის ჩვენთვისაც. უბრალოდ, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით კიდევ ფასდაკლებაზე, ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რითეილ სექტორის, ანუ მარკეტების პოზიცია. კერძოდ კი ის, რომ შემსუბუქდეს ის ფინანსური ტვირთი და გადასახადები, რომლებსაც თავად მარკეტი უწესებს დისტრიბუტორს და ადგილობრივ მწარმოებელს პროდუქციის მიწოდებისას.

პირველი მოლოდინი, რაც გვაქვს შედარებით უფრო მეტი ყურადღების გამახვილებაა მხოლოდ გადახდის ვადაზე, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივა და ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობა, მათ შორის — წვდომა ნაშთებზე. მაგრამ გარდა ამ რეგულირებისა, ჩარჩოში მოქცევისა და ზღვრის განსაზღვრისა, არის მთელი რიგი სხვა დათქმები, სადაც განსაზღვრულია ამ ურთიერთობის გაჯანსაღება და მიმწოდებლების ინტერესების დაცვა. ეს საჭიროა იმიტომ, რომ ისინი ამ ურთიერთობაში თანაბარ პოზიციებზე ვერ პოზიციონირებენ ქსელურ მარკეტებთან, რადგან ძალაუფლება რეალურად დგას შემსყიდველის მხარეს (რაზეც კომისიის დასკვნაშიც იყო საუბარი) და სწორედ ეს არის რეგულაციის საჭიროების ერთ-ერთი საფუძველი", - ამბობს რიჟამაძე.

წყარო: bm.ge