ერთია კანონის მიღება, მეორე კი ის, თუ როგორ მოხდება მისი აღსრულება - ამის შესახებ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე აცხადებს, რომლის თანახმადაც, მუდმივი მოქალაქეობის არმქონე პირებს გიდებად მუშაობა აეკრძალათ.
მისი თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მათ უთხრეს, რომ კანონის აღსრულება შრომის ინსპექციას ეკუთვნის, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
„თუ კონკრეტული პირები არ დაჯარიმდნენ, აზრი არ აქვს ამ კანონის არსებობას. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებდა, მაგალითად, რომელი ორგანო აღასრულებს ამ კანონს, ვის ეკუთვნის... გავიგეთ, რომ შრომით ინსპექციას ეკუთვნის ამ კანონის შესრულება და ძალიან გვაინტერესებს როგორ აღასრულებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი მაისიდან კანონი ძალაში არის შესული, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ ჩანს და უცხოელი გიდები ისევ ისე აგრძელებენ საქმიანობას“ - აცხადებს ელზა ბებია.
რაც შეეხება კვოტირებას და საკითხს, უნდა გაიზარდოს თუ არა მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელ გიდებზე კვოტები, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ მიმართულებით, ბაზრის კვლევაა საჭირო.
„სპეციფიკური კვლევა აუცილებელია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ენა საკმაოდ რთულია, საქართველოში საკმარისი რაოდენობის ჩინურენოვანი გიდები არიან, რაც ვფიქრობ, ჰყოფნის ბაზარს. თუმცა საჭიროა ბაზრის კვლევაა საჭირო - თუ რა ენის გიდებთან დაკავშირებული გამოწვევები არსებობს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით, საქართველოში საკმარისი რაოდენობის გიდები არიან და ახლა კვოტა არ არის ყველაზე მთავარი. მთავარი არის დარეგულირდეს კანონი და შემდეგ უკვე გამოჩნდება ბაზარზე საჭიროა თუ არა კვოტების შემოღება“ - აცხადებს ელზა ბებია.
1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად იცავენ დამსაქმებლები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.
ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
- საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;
- მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;
- გიდების სერვისი - კვოტა 0.
კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.