მეხუთე წელია, ქართული სასამართლო „ყვარლის ბაგას“ მიერ „ჩირინას“ წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას განიხილავს.
„ყვარლის ბაგა“ მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ჩირინას“ აღნიშნული თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა საქმე სააპელაციო სასამართლომდე მივიდა, სადაც "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" მხოლოდ 1.6 მლნ ლარის გადახდა დაევალა, ეს იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" ფინანსურ ზარალში "ჩირინას" წვლილი არ მიუძღვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება „ჩირინამ“ კიდევ ერთხელ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც უახლოეს მომავალში საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოცხადდეს.
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელ რევაზ ვაშაკიძეს იმედი აქვს, რომ მესამე ინსტანცია სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გააუქმებს, თუმცა არ იცის, როდის გამოცხადდება საბოლოო განაჩენი.
როგორც ის "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, "ჩირინა" ნაკელს ბიოსასუქად ყიდდა და არა ძროხის საკვებ პროდუქტად. გარდა ამისა, ვაშაკიძის თქმით, "ყვარლის ბაგას" საპირისპიროს დამტკიცების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
,,მხოლოდ ის ვიცი, რომ საქმის განხილვა იყო დაახლოებით 10 დღის წინ, თუმცა განაჩენი არ გამოცხადებულა.
ზუსტი ვადა არც მე და არც ჩემმა ადვოკატებმა არ ვიცით, შეიძლება პასუხი გამოქვეყნდეს 10 დღეში, შეიძლება- 2 კვირაში.
ალბათ, ყველამ იცით, საქმე რაშიც იყო: კაცმა ნაკელი აჭამა ძროხას და მერე თქვა, უი, მოიწამლაო.
მე კი ამ ნაკელს ვყიდდი, როგორც სასუქს.
ახლა მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ის ნაკელი შეიცავდა ანტიბიოტიკებს და ძროხები ამიტომ დაიხოცნენ. საქმე კი ის არის, რომ ჩვენ ამ ანტიბიოტიკებს ქართმებს საერთოდ არ ვაძლევდით.
საქმე უკვე 5 წელია მიდის და არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ. რაღაც ლაბორატორიული კვლევა მოიტანეს, სადაც ნაჩვენები იყო, თითქოს სასუქი შეიცავდა სტრეპტოციდებს, თუმცა ამ კვლევას აკრედიტაცია არ ჰქონდა. სასამართლომ არ შეიძლება განიხილოს და ვერც განიხილავს იმ ლაბორატორიის ჩატარებულ კვლევას, რომელსაც აკრედიტაცია არ აქვს.
თუ სასამართლო სამართლიანობის პრინციპით იმოქმედებს, მოლოდინი მაქვს, რომ გამამართლებენ.
საქმის განხილვა ორჯერ იყო და მოსამართლეები ცდილობდნენ ყველაფერში გარკვეულიყვნენ, ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება",- აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.