ყავახანების საერთაშორისო ქსელი „სტარბაქსი“ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში პირველ ობიექტს გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გაავრცელა.

ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

„სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„აქსის თაუერსი“ ობიექტის სარეკლამო აბრების განთავსებისა და ფასადზე მცირე ზომის არქიტექტურული ელემენტების მოწყობას არქიტექტურის სამსახურთან ათანხმებს, რომლის მიხედვითაც ფასადის საერთო ფართი 48.96 მ2 იქნება.

საქართველოში „სტარბაქს“-ის პირველი ობიექტის ფოტომონტაჟი

ცნობისთვის, Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს“-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს“-ის  2,000 მაღაზიაა.

„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.