აშშ-ის მიერ მნიშვნელოვნად გაზრდილი საექსპორტო გადასახადი ბიზნეს ამერიკულ ბაზარზე შესვლის პროცესს ურთულებს და ბარიერებს უქმნის. ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო კომპანიებს საოპერაციო დრო და ხარჯი ეზრდებათ. გასათვალისწინებელია მომხმარებლის ქცევაც, რომელიც გაძვირებული ფასის მიუხედავად უპირატესობას მაინც ნაცნობ პროდუქტს ანიჭებს. ეს ფაქტი ახალი ბიზნესებისთვის დამატებითი ბარიერია. ბაზარზე უკვე არსებული კომპანიები კი შესაძლოა დაფიქრდნენ დარჩნენ თუ არა ან რა დოზით გააგრძელონ მუშაობა ამერიკულ ბაზარზე, რადგან გაზრდილი გადასახადის ფონზე მათ მოგების მარჟები შეუმცირდებათ. სატარიფო გადასახადის მატების ფონზე უცხოური წარმოების პროდუქციამ, შესაძლოა ადგილობრივს საჭირო კონკურენცია ვეღარ გაუწიოს.
ამერიკულ ბაზარზე ქართული პროდუქცია მოკრძალებულად არის წარმოდგენილი. საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტებიდან შტატებში ძირითადად ღვინო, ნატურალური წვენები და სხვადასხვა სახის კონსერვები შედის. რა გავლენას მოახდენს 10%-მდე გაზრდილი სატარიფო გადასახადი ქართველ ექსპორტიორებზე? ,,კომერსანტი“ ამ საკითხით დაინტერესდა. ჩვენ საკონსულტაციო კომპანია ,,CoNet Consulting US’’-ის დამფუძნებელსა და ჩინური საინვესტიციო ჯგუფის ,,ჰუალინგ ჰოლდინგის'' ბორდის წევრს თიკო მაღრაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ქართულ ბიზნესებსა და კომპანიებს ამერიკაში ოპერირების დაწყებაში ეხმარება და მათ საჭირო კონსულტაციას უწევს. ჩვენთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიებისთვის ამერიკაში ექსპორტის პირველად ბარიერად ტარიფის ზრდას ვერ განვიხილავთ, რადგან მათთვისუფრო დიდ გამოწვევად ბაზარზე შეღწევა, ბრენდის ცნობადობის ზრდა, მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვება და ეფექტური ბიზნეს ოპერირება რჩება.
დავინტერესდით ასევე რამდენად დიდია ინტერესი ქართული კომპანიების მხრიდან შევიდნენ ამერიკულ ბაზარზე და რამდენად რთული პროცედურების გავლა უწევთ მათ. გთავაზობთ ამ და სხვა საკითხებზე თიკო მაღრაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ტრამპის მიერ გამოცხადებული და უკვე დაწესებული ტარიფები როგორ ბიზნეს გარემოს ქმნის ამერიკაში? გაძვირდება შტატებში ბიზნესების შესვლა და ოპერირება?
ტრამპის მიერ ახლახან დაწესებული ტარიფები განახლებულ ბიზნეს გარემოს სთავაზობს შტატებში ოპერირებად კომპანიებს. იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილი გადასახადით ამერიკა ცდილობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას და ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ახალი კურსის ჩამოყალიბებას. იმპორტის გაზრდილი ტარიფის, გართულებული რეგულაციების და შესაბამისად, გაზრდილი საოპერაციო დროისა და ხარჯის ფონზე, ბიზნესს ამერიკულ ბაზარზე შესვლის საკმაოდ სერიოზული ბარიერი ხვდება. ამგვარ გარემოში ახალი, ბაზრისათვის ნაკლებად ნაცნობი პროდუქტის წარდგენა და იმპლემენტაცია განსაკუთრებით რთულდება, რადგან საქმე უკვე მომხმარებლის არჩევანს ეხება. ის კი გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტის არჩევანის წინაშე - ნაცნობ ბრენდს აძლევს უპირატესობას.
ტარიფების გამო შესაძლოა კომპანიებმა შტატებში პროდუქციის შეტანაზე უარი თქვან?
დიახ, კომპანიებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გადახედონ თავიანთი პროდუქციის შეერთებულ შტატებში ექსპორტირების საკითხს, ვინაიდან, გაზრდილი ტარიფები შესაძლოა მნიშვნელოვნად ამცირებდეს კონკრეტულ შემთხვევაში მოგების მარჟას. განსაკუთრებით იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც პირდაპირ კონკურენციას უწევენ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტს, გაზრდილმა ტარიფებმა შესაძლოა ისინი არაკონკურენტუნარიანი გახადოს, რაც ბიზნესს უბიძგებს შეზღუდონ ან მთლიანად შეაჩერონ იმპორტი. თუმცა, ამერიკული ბაზარი საკმაოდ დიდი და საინტერესოა რიგი კომპანიების და პროდუქტებისთვის. ამიტომ, შესაძლოა ასეთმა რეგულაციებმა კომპანიების მხრიდან ახალი სტრატეგიის ფარგლებში კონგლომერატების ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს, რაც მათ გაუადვილებს ამერიკულ ბაზარზე ეფექტურად დარჩენას და ოპერირებას.
საქართველოს შტატებში ძირითადად ღვინო და ნატურალური წვენები შეაქვს. რამდენად გაუძვირდებათ ქართულ კომპანიებს ამ პროდუქტების შეტანა? რა გავლენას მოახდენს ეს ქართველ ექსპორტიორებზე?
ქართველი ექსპორტიორებისთვის, ამერიკის ბაზარზე პროდუქტის იმპორტირების ტარიფები გაიზრდება, თუმცა, აშშ-ში ქართული ექსპორტის მოცულობა ტრადიციულად, იმდენად მოკრძალებულია, რომ ტარიფის ზრდას ექსპორტის პირველად ბარიერად ვერ განვიხილავთ. უფრო დიდ გამოწვევად რჩება ბაზარზე შეღწევა, ბრენდის ცნობადობის ზრდა, მომხმარებელთა ლოიალობა და ზოგადად, ეფექტური ბიზნეს ოპერირება. ამ ფონზე, ქართული პრემიუმ ხარისხის ღვინოები, მათი უნიკალური ღირებულების შემოთავაზების და მაღალი მარჟის გამო, კვლავ შეიძლება დარჩეს კონკურენტუნარიანი, ხოლო დაბალი ფასიანი ღვინოები, რომლებიც ადგილობრივ დაბალი სეგმენტის ღვინოსთან კიდევ უფრო კონკურენტუუნარო გახდება, გაცილებით ნაკლებად მომგებიან სეგმენტად გვევლინება ამერიკაში ექსპორტირების კუთხით.
შეიძლება თუ არა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ კომპანიებმა ქართული ღვინო და ნატურალური წვენები აღარ შეიტანონ ამერიკის ბაზარზე?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტარიფების გამო ქართული ღვინოები და ნატურალური წვენები მთლიანად გაქრეს აშშ-ს ბაზრიდან, თუმცა, ახალმა რეალობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს დაბალფასიანი პროდუქტის ასორტიმენტი და ძირითადი აქცენტი ავთენტურ, ქართულ, პრემიალური ხარისხის ისეთ ღვინოზე გაკეთდეს, რომელიც ბაზარზე კონკრეტული ნიშის დაკავებას შეძლებს.
თქვენ კონსულტაციებს უწევთ ამერიკაში კომპანიებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს. რამდენად დიდია ინტერესი ქართული კომპანიების მხრიდან შევიდნენ ამერიკულ ბაზარზე?
ქართული კომპანიების ინტერესი ამერიკულ ბაზარზე შესვლის მიმართ კვლავ მაღალია, განსაკუთრებით მომსახურების, სარესტორნო ბიზნესის და ტექ-სტარტაპების მიმართულებით. ეს სეგმენტი აღიქვამს აშშ-ს ბაზარს, როგორც მომგებიან, პოტენციურად მზარდი ბიზნეს შესაძლებლობების გარემოს. თუმცა, რეალურად ძირითად შემთხვევაში ქართული ბიზნესი თავისი კომერციული და საოპერაციო მოწყობით, სტრატეგიული ხედვით და ახალ ბაზართან ინტეგრირებისთვის საჭირო რესურსის ნაკლებობით არასაკმარისი საწყისი ინვესტირებით, მათ შორის ბრენდინგისა და მარკეტინგის კუთხით, საწყის ეტაპზევე შეუთავსებელია ამერიკულ ბაზართან.
რა ბარიერებს აწყდებიან ისინი ამ პროცესში? რამდენად რთული ან მარტივია შტატების ბაზარზე შესვლა?
ქართულ კომპანიები აშშ-ს ბაზარზე შესვლისას რამდენიმე ბარიერი აწყდებიან, მათ შორის სახელმწიფო რეგულაციები: კომპანიის რეგისტრაცია, შესაბამისი ლიცენზიები, ხარისხის სერტიფიკატები, ნებართვები და ა.შ საიმედო პარტნიორობის, ან სადისტრიბუციო არხების, სარეალიზაციო ქსელების პოვნა, მოლაპარაკება და პირობების შეთანხმება, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ამ მხრივ გამოცდილება და შესაბამისად ნეთვორქინგის წრე საკმაოდ ვიწროა ქართული ბიზნესისთვის. დაბალია მათ მიმართ ნდობის ხარისხიც. აშშ-ს ბაზარზე შესვლა მიღწევადია, მაგრამ მოითხოვს არსებით დაგეგმვას, კაპიტალს, ბაზარზე მკაფიო პოზიციონირებას და სტრატეგიული პარტნიორების არსებობას.
ძირითადად რომელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ინტერესდებიან ამერიკულ ბაზარზე შესვლით? რა პროფილის კომპანიები?
ამერიკული ბაზრით ამ ეტაპზე ძირითადად სხვადასხვა სერვის-პროვაიდერები ინტერესდებიან სხვადასხვა ციფრული, დეველოპერული, საკონსულტაციო და მსგავსი მომსახურების მიმართულებით, ასევე პროდუქტის (ძირითადად ღვინის) ექსპორტიორები, სარესტორნო ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლები და ტექ-ინოვაციური პროდუქტის ექსპერტები, სტარტაპერები, მეწარმეები, რომელთათვისაც ამერიკის ბაზარი როგორც ინვესტორის მოძებნის, ასევე ოპერირების კუთხით საკმაოდ საინტერესოა.
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად? ბაზარი დიდია და დიდ შესაძლებლობებს აჩენს, თუმცა არის რისკებიც. რა რისკებია ეს?
ისევე, როგორც ნებისმიერ ბაზარზე პროდუქტის წარდგენამდე, ამერიკულ ბაზარზე ინტეგრირებისთვის პირველი და აუცილებელი პირობაა ვიცოდეთ როგორია რეგულაციები, კონკურენტული გარემო და სამომხმარებლო ქცევა. მნიშვნელოვანია ასევე თვითონ ბრენდის პოზიციონირება: მკაფიოდ განსაზღვრული უნიკალური გაყიდვის შეთავაზება და კონკრეტული სტანდარტები, ავთენტურობა, ღირებულება. საოპერაციო სტრატეგია, საიმედო პარტნიორები, დისტრიბუტორები ქსელები, ინვესტორები და ა.შ. ყველაფერი ეს განაპირობებს ბაზარზე სწორი ხედვით და მოლოდინებით შესვლას და ამ ბაზარზე თანმიმდევრულად და სტაბილურად განვითრებას, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას საკმაოდ დიდ, მრავალფეროვან და მომგებიან ბაზარზე დაიკავოს საკუთარი, სტაბილურად მზარდი პოზიცია.