ე.წ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სამ თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით - გავიდა სამი-ოთხი თვე და ჩვენ ვდგავართ მყარად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის პროგნოზი იყო, რომ თებერვალში და მარტში ჩამოიქცეოდა ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ორი თვე დაიწყო 9,4%-იანი ეკონომიკური ზრდით.
„შემიძლია ამოვიღო ე.წ. ექსპერტების შეფასებები, რომელიც კეთდებოდა დეკემბერში. ისინი აცხადებდნენ რომ სამ თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით. გავიდა სამი-ოთხი თვე და ჩვენ ვდგავართ მყარად. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც მალავს, ღიად საუბრობს იმაზე, რომ მათ უნდათ, ავნონ ქვეყანას. პირდაპირ, სიხარულით ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ეს აქციები გაგრძელდება, დაგვასანქცირებენ. რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ ახლა მე ვიმუშავებ, სანქციებს დავაწესებინებ და ეს შექმნის ისეთ ეკონომიკურ პრობლემებს, რომ ქვეყანა დაიქცევა, ეს ხომ ხელის გულზე დევს. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ რომ ასეთი ოპოზიცია რაიმე სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის. პირდაპირ უპირისპირდებიან სახელმწიფოს, ქვეყნის და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინაში 45%-იანი ეკონომიკური ვარდნა რომ იყო, ვინ იზარალა ამით? რა თქმა უნდა, რიგითმა უკრაინელმა მოქალაქემ. ეს ადამიანები გამოდიან და მარტო იმას კი არ ამბობენ, რომ ქვეყანა დაიქცევა, ამბობენ, რომ ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დავაზიანოთ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. პირდაპირ ამბობენ ამას. პროგნოზები ჰქონდათ, რომ უკვე თებერვალში და მარტში უნდა ჩამოქცეულიყო ქვეყნის ეკონომიკა. ლარის კურსი უნდა ყოფილიყო სამ ნიშნულს ზევით, ინფლაცია უნდა ყოფილიყო ორნიშნა და ა.შ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, კიდევ უფრო მეტი იყო, 2022 წლიდან მოყოლებული. გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო მაშინ ქვეყანაზე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და გვქონდა საშუალო 9,6% ეკონომიკური ზრდა წინა ოთხი წლის განმავლობაში, ეს წელიწადიც, პირველი ორი თვე დავიწყეთ 9,4%-ით. ამას ვინარჩუნებთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ოპოზიციის, ამ რადიკალების ამოცანაა, რომ დავასანქცირებინოთ და ქვეყანა დავაქციოთ, ჩვენი ამოცანაა საპირისპირო. ეს ხომ საზოგადოებისთვის ხდება. ეკონომიკა რომ დაიკლებს, ამით ხომ საზოგადოება დაზიანდება. - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.