პროფესიული და აკადემიური განათლების მსურველთა რაოდენობა უნდა გათანაბრდეს, რათა კვალიფიციური კადრების დეფიციტი შემცირდეს, - ამის შესახებ კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო წლებში 27%-მდეა გაზრდილი პროფესიულ განათლებაში სწავლის მსურველთა რაოდენობა და აღნიშნულს ახალი განათლების რეფორმა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

"სასკოლო განათლების რეფორმა განათლების სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. მე-11 კლასი იქნება პროფილური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს შეეძლებათ აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მათ სამომავლო პროფესიული განათლების განვითარებისთვის სჭირდებათ. ეს ძალიან ბევრ რამეში წაგვწევს წინ და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე ვფიქრობ, რეფორმის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ექსპერტების დიდმა ჯგუფმა იმუშავა და ჩვენ რაც დავკარგეთ წლების განმავლობაში ეს უნდა აღვადგინოთ. მოლოდინი საკმაოდ საინტერესო იქნება და შედეგებს ჩვენ ნათლად დავინახავთ. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ქართული განათლების სფეროში. ეს არის ეროვნულ იდეებსა და საერთაშორისო ხარისხზე ორიენტირებული განათლების რეფორმა. 

ვფიქრობ, დღეს პროფესიული განათლება არის ყველაზე მთავარი ქვაკუთხედი და ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში განვავითაროთ სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ბიზნესი - ამას კვალიფიციური უნარების მქონე მოქალაქეები სჭირდება. პროფესიული განათლების ახალი რეფორმით ჩვენ გვეძლევა წარმოების უფლება, ანუ კოლეჯებს ექნებათ შესაძლებლობა ბიზნესთან ერთად კოლაბორაციაში სხვადასხვა მიმართულებაში გავშალოთ სხვადასხვა ბიზნეს წარმოება. ეს არ უნდა უშლიდეს ხელს სასწავლო პროცესს და ჩვენ როდესაც დავიწყებთ წარმოებას და ეს მთელი ამონაგები თანხა დაბრუნდება რეინვესტირებაში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაში, ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა, ახალი აღჭურვილობის და ამასთან, სტიპენდიების მიმართულებაში. 

ძალიან საინტერესო გამოწვევები გველოდება წინ და ნებისმიერი კოლეჯი ამას სიახლეებითა და ინიციატივებით უნდა შეხვდეს. ჩვენ ვფიქრობთ, პროფესიული და აკადემიური განათლების მსურველთა ოდენობა უნდა გათანაბრდეს, რაც ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ სოლიდური ანაზღაურება ჰქონდეთ. თუ გადავხედავთ მოთხოვნებს - არ არსებობს კომპანია და მიმართულება, სადაც დეფიციტი არ არსებობს", - აცხადებს მათე ტაკიძე.

ცნობისთვის, ახალი განათლების რეფორმის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც 2 დეკემბერს გაიმართა, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება. გარდა ამისა, მე-12 კლასში სწავლა მოსწავლეებს დარეგისტრირების საფუძველზე შეეძლებათ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი