უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის შეთანხმებას, რომელიც მომავალი წლის სექტემბრისთვის რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეზღუდვას ითვალისწინებს, სასამართლოში გაასაჩივრებენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტისთვის რუსულ რესურსებზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგან უნგრეთს არ შეუძლია ენერგომომარაგების სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფა.
„როგორც კი RePowerEU გეგმა ოფიციალურად დამტკიცდება, ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ მას ევროკავშირის სასამართლოში. სამართლებრივი წარმოება დაუყოვნებლივ დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად“, – დაწერა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირმა 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან. მათივე ცნობით, ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
საბჭო განმარტავს, რომ რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს გზამკვლევის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.