პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი იყო ფასების გაიაფების შესაძლებლობებზე - შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებენ, - ამის შესახებ "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ილონა კოკიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუზიარეს. 

"ქვეყანაში 11 000 რეგისტრირებული მედიკამენტიდან 7 000-ზე მეტზე არის რეფერენტული ფასი. არის დარჩენილი ნაწილი, რომელიც ჯერ რეფერენტულ ფასში არ არის. საუბარი იყო იმაზეც, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ მედიკამენტების შეყვანა და მათზე ფასების დაწესება. 

ფასწარმოქმნის სისტემაში არ მონაწილეობს მხოლოდ მომწოდებლის ფასი, არამედ მთელი ციკლია, რაც ფასწარმოქმნის სისტემად განაპირობებს.

ნებისმიერი რეგულაციის და სტანდარტის დანერგვა არის დამატებითი წნეხი ბიზნესისთვის. ბიზნესმა ეს რეგულაცია უნდა დაიცვას, შესაბამისად, მან ფინანსური ხარჯი უნდა გასწიოს. ეს რა თქმა უნდა კომპონენტია ფასწარმოქმნის სისტემაში. ამიტომ, ფასწარმოქმნა არის რეგიონზე, პოპულაციაზე და რეგულაციაზე დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავიცვათ მედიკამენტის მაღალი ხარისხი და შევქმნათ ფიზიკური, ფინანსური ხელმისაწვდომობა. ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და სენსიტიური თემა, რასთანაც არის დაკავშირებული ასევე უწყვეტი მომარაგება და მიწოდება. არ შეიძლება სამუშაო პროცესმა ხელი შეუშალოს", - აცხადებს ილონა კოკიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

bp.ge