რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera Resources-ის ტექსასელი ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ ლობირებს. ამის შესახებ The Hill-ს წერს.
სტატიის მიხედვით, ნიკანდროსმა 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს და მოუწოდა, ხმა მიეცა კანონპროექტის წინააღმდეგ. The Hill წყაროს კონფიდენციალურობის გამო კონგრესმენის სახელს არ ასახელებს.
ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული და კომპანია ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამის დაწყებას გეგმავს. მისი შეფასებით, „მეგობარი აქტი“ და სხვა სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - დემოკრატიული უკუსვლის, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისა და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაახლოების გამო. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა კონგრესში შეჩერებულია.
The Hill აღნიშნავს, რომ ნიკანდროსმა ფინანსურად დააფინანსა როგორც ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი, ისე სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები. მალინმა კანონპროექტის სენატში განხილვა დაბლოკა, თუმცა უარყო, რომ ეს ნიკანდროსთან იყო დაკავშირებული.
გამოცემის თანახმად, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, „მეგობარ აქტს“ კონგრესსა და სენატში ფართო მხარდაჭერა აქვს.