ეს არის იდეა, რომელიც განსახორციელებელია და მსურველები მალე შეძლებენ კიდეც ბათუმის "დინამოს" აქციების ყიდვას. ამით ისინი აჭარული კლუბის თანადამფუძნებლები გახდებიან. მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ კლუბის ახალმა მფლობელმა, თემურ მიქელაძემ თურქულ შეკრებაზე სტუმრობისას განაცხადა...
თემურ მიქელაძე პირველი არ არის, ვინც მსგავსი სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს "ლელოსთან" ინტერვიუში არჩილ ბერიძემაც განაცხადა, როცა ბათუმის "დინამოში" მივიდა. მაგრამ იდეა ვერ განხორციელდა - კლუბის ძველი მეპატრონის თქმით, მისი რეალიზაცია ძალიან რთული იყო.
კლუბის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება და აქციების გაყიდვა ინგლისიდან მოდის, სადაც სატელევიზიო, სოციალური, ბიზნესგარემოსა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იდეის რეალიზაცია მოხერხდა და შესანიშნავი შედეგებიც მოიტანა - ინგლისური კლუბების ფინანსური წარმატების საფუძველი გახდა. შემდეგ ეს მოდელი წარმატებით განხორციელდა ბევრ ქვეყანაში...
საქართველოში ამას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ პრობლემებთან შეჭიდებული მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ეფეხბურთება და აქციების შესყიდვა დიდი ენთუზიაზმს არ გამოიწვევს.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია ეროვნული ლიგისადმი ტელევიზიების გულგრილობა, ბილეთებისა და საკლუბო ატრიბუტიკის რეალიზაცია ლამის ნულის ტოლია და კლუბის მეპატრონეს ფინანსური ინტერესი ნაკლებად აქვს.
საქართველოში მსგავსი მოდელი ჯერ მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" დაინერგა. მისმა პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ გარისკა და კლუბი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილად ის ვარიანტი, რასაც ეს მოდელი გულისხმობს, რადგან "გაგრას" აქციონერები ბიზნესმენები არიან.
სააქციო საზოგადოება "დინამო ბათუმი 1923-მა" აჭარის მთავარი კლუბი 2025 წლის მიწურულს შეიძინა. კლუბის მთავარი აქციონერი თემურ მიქელაძეა. მასთან ერთად, აქციებს ფლობენ ენრიკო მიქელაძე, გიორგი რომანაძე, ბექა შარაშიძე და ოთარ მუმლაძე.
ვრცლად: lelo.ge