რა იწვევს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის განსაზღვრას- თემაზე მომუშავე საპარლამენტო კომისია დღეს მორიგ სხდომას მართავს.

დეპუტატები საკითხის განსახილველად ამჯერადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მიმდინარე პროცესთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს და მის მთავარ მიზნად აღნიშნული სისტემის გაჯანსაღებას ასახელებს. თემას ეხმიანებიან საპარლამენტო კომისიაში ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა მოხდეს ფასების დასტაბილურება.

"გაიმართება კიდევ ერთი სხდომა. ვხვდებით მსხვილ იმპორტიორ დისტრიბუტორებს, რომელთაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავიათ და სწორედ ეს დისტრიბუტორები ახდენდნენ საცალო ქსელის, მაღაზიების, სუპერმარკეტების საკვები პროდუქტით და სხვა პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას.

ჩვენი მიდგომა არის სისტემური. გვინდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც გააჯანსაღებს სისტემას და ბაზარს გახდის კონკურენტუნარიანს, უფრო გახსნილს. კონკურენცია არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ მოხდეს ფასების დასტაბილურება და პირველ რიგში, ფასების კორექცია კლებისკენ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

Rustavi2.ge