„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13-ს პოლიტიკური შემოწირულობების სახით ჯამში 3.88 მილიონი ლარი აქვს გაღებული, რომლის 96.6% მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე მოდის. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2017-2026 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ „ლილო მოლის“ მეწილეებს 3.512 მილიონი ლარი აქვთ შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს — 240 ათასი ლარი. 2012 წელს მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 120 ათასი ლარი შესწირეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აღნიშნავს, რომ „ლილო მოლის“ მფლობელებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 50 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი — 49 მილიონი ლარი — ვაჟა უსანეთაშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანია „არსაკიძე 2000“-ზე მოდის. ორგანიზაციის ცნობით, კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 108 ტენდერი მოიგო და 387 ათასი ლარის პირდაპირი შესყიდვებიც მიიღო.
მიმოხილვის თანახმად, თავად „ლილო მოლს“ სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებული ორი ხელშეკრულება აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება 150.8 ათასი ლარია. მეწილეებთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიებმაც მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან თანხები, მათ შორის „სევსამორა მენეჯმენტმა“, „სევსამორამ“, „ხერკმა“, „ლილო პროდაქტ სერვისმა“ და „ტაო 2052“-მა.
ვრცლად: transparency.ge