ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ პროდუქციაზე ფასები არ გაუზრდიათ.

ამის შესახებ მან მწარმოებლებისა და ფასების სამთავრობო კომისიის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.  

ბიზნესმენი აცხადებს, რომ კარტელური გარიგებების არსებობის შემთხვევაში საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იკვლიონ.  

„საქართველო ცოტა რამეს აწარმოებს და ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ფასების ზრდა საერთოდ დამოკიდებულია ვალუტის კურსზე და სხვა ბევრ საკითზე. შეიძლება იყოს კარტელური გარიგებებიც, მაგრამ ეს ანტიკორუფციული სამსახურის კვლევის საკითხი უნდა იყოს.  ჩვენ მწარმოებლები ვართ და ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელზეც ფასები არ გაგვიზრდია“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ და განმარტა, რომ პროდუქტის ფასზე მათ შორის ვალუტის კურსის ცვლილებაც მოქმედებს.