ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ბიზნესს გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდი. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა მოლოდინები და განწყობები აქვთ ბიზეს წრეებში.
კომპანია ,,დიოს’’ მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ ევროპული ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება გააგრძელოს. ამ მიზნის მისაღწევად კი მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს.
,,მთელი წელი დაძაბული იყო და მოლოდინებით სავლე. მოულოდნელობებით გაჟღენთილი. ბუნებრივია, ახლა კულმინაციის ეტაპია. ყველა, მათ შორის ჩვენც ბიზნესის წარმომადგენლები ველოდებით არჩევნების შედეგებს. ბუნებრივია, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება არჩევნები. მოახერხებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროპული გზით სვლას და რამდენად მოხერხდება ეს პროცესები მშვიდობიანად გავიაროთ, ცივილიზებულად და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება და ევროპაში ინტეგრაცია. მინდა გამოვთქვა იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები ყველა მხარე, საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს მოგებული. მინდა ღრმად მწამდეს, რომ ყველა ასე ფიქრობს და ყველა ასე უდგება საკითხს. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საქართველოს ემუქრება რაიმე ტიპის საფრთხე (სანქციების კუთხით). ძალიან ძნელი წარმოსადგენია ამის დაშვება. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი.’’- აცხადებს თამაზ დაუშვილი.
ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების ცვლილებები დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებსა და ქცევაზე. ქვეყანა ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის ნაწილმა დატოვა. მათ ემიგრაციაში წასვლა და საზღვარგარეთ საქმიანობის გაგრძელება ამჯობინეს. თამაზ დაუშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების კურსი მიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების სტიმული იქნება.
,,საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი სამუშაო ძალის მიგრაციის კუთხით. ბოლო წლებში შეინიშნებოდა გამალებული სურვილი ჩვენი მოქალაქეების, რომ წასულიყვნენ უცხოეთში და იქ მოეძიათ წარმატება და იქ მოეხდინათ თავიანთი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება. ეს არის ძალიან ცუდი პროცესი, როდესაც მასშტაბი არის მაღალი ემიგრაციის. მათ შორის არჩევნებზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას. ეს მისცემს ბევრს ადამიანს იმის შეგრძნებას, რომ საქართველო ვითარდება და აქაც შეუძლია მას წარმოიდგინოს თავისი მომავალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცხოეთში მცხოვრები, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ემიგრანტები გადაწყვეტენ სამშობლოში დაბრუნებას და აქ გააგრძელებენ მოღვაწეობას. ბიზნესს წამოიწყებენ, კაპიტალს ჩამოიტანენ და ა.შ. პოტენციალი არის ნამდვილად, მათ შორის იმ კუთხით, რომ ჩვენი ემიგრანტები გახდნენ ინვესტორები და ჩვენს ქვეყანას მოუტანონ სარგებელი. შვილები გაზარდონ თავის სამშობლოში. მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველი რიგში იმ ხალხისთვის ვისაც აქვს გარკვეული პოზიციები ხელისუფლებაში ან ვისაც აქვს სურვილი მოვიდეს ხელისუფლებაში.’’- აცხადებს თამაზ დაუშვილი.