ირანში მიმდინარე ომის გამო შეცვლილი სატრანსპორტო მარშრუტების და გართულებული ლოგისტიკის ფონზე, ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც კომპანია AMB Alloys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია გოგსაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ჰორმუზის სრუტის დახურვის ფონზე, პროდუქციის გლობალურ მწარმოებლებს მიწოდების დრო და ხარჯები გაეზარდათ, რამაც თურქეთის ბაზარზე ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა გაზარდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში მეზობელ ქვეყანაში ექსპორტი დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი.

“ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, საომარი მდგომარეობა, ნამდვილად ზეგავლენას ახდენს ფეროშენადნობების ბაზარზე. აღნიშნული გავლენა გამოიხატება იმაში, რომ საკომუნიკაციო არხები, რითიც ხორციელდებოდა საერთაშორისო გადაზიდვები ფეროშენადნობების, ინდოეთიდან და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით, სერიოზული გადაჯგუფება ხდება. დაბლოკილია ის ტრადიციული მარშრუტები, რომლითაც ხორციელდებოდა აქამდე მიწოდება. საუბარია ჰორმუზის ყურეზე, ადენის სრუტეზე, რომლითაც ხდებოდა ტრადიციულად ტვირთების გადამისამართება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

ახლა აღნიშნული მარშრუტები შეიცვალა და ხდება აფრიკის კონტინენტის შემოვლით, რაც აგრძელებს მანძილს, შესაბამისად დროს და ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს დადებითი ფაქტორია ქართული ფეროშენადნობებისათვის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს ნეგატიური საერთაშორისო მოვლენები, კრიზისული მოვლენები გარკვეულწილად ზეგავლენას დადებითი კუთხით ახდენს იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდების ნაწილში თურქეთის ბაზარზე და სხვა მიმართულებითაც, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა ამ ფაქტორების გათვალისწინებით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიქმნა იმისი მოლოდინი და ეს რეალურად ნელ-ნელა თვალნათელიც გახდა, რომ გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე და ამას ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ფასების ზრდა. მცირედი დადებითი დინამიკა ნამდვილად იყო ამ კუთხით და ნამდვილად შეინიშნება და იმედი გვაქვს, რომ ეს ფაქტორები ამ კუთხით ხელშესახებ შედეგს მოგვცემს ფასების ზრდის თვალსაზრისით, რაც დარგს ნამდვილად დადებითად აისახება ჩვენი სექტორის მდგომარეობაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მიწოდებები განვახორციელოთ გაზრდილი მოთხოვნის პირობებში. იქიდან გამომდინარე, რა წარმოების შესაძლებლობაც ჩვენ გაგვაჩნია, დაახლოებით 10-15%-ით მოიმატა ჩვენი მხრიდან რეალიზაციის ნაწილმა თურქეთის მიმართულებით”, - განაცხადა ილია გოგსაძემ.

წყარო: bm.ge