ევროკავშირმა ჩინურ ბანკებს, Heihe Rural Commercial Bank-სა და Heilongjiang Suifenhe Rural Commercial Bank-ს, 2025 წლის ზაფხულში მე-18 სანქციების პაკეტის ფარგლებში დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ამ ორ ბანკს სანქციები დაეკისრა იმის გამო, რომ ისინი რუსეთს მოქმედი სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.
ჩინეთი აცხადებდა, რომ ევროკავშირის ბრალდებები ორი ბანკის წინააღმდეგ „უსაფუძვლო“ იყო და საპასუხოდ ორ ლიეტუვურ ბანკს: Urbo Bankas-სა და Mano Bankas-ს სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინურმა ბანკებმა მიიღეს ზომები კანონმდებლობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით მიმართული უკანონო საქმიანობის შესაჩერებლად. ამიტომ, ევროკავშირის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი შესაბამისი სანქციების სიიდან ამოღება.
გარდა ამისა, მსგავსი სანქციები მოეხსნა ტაჯიკეთში სამ კომპანიას: Dushanbe City Bank–ს, Spitamen Bank–ს და Commerce Bank of Tajikistan–ს.