ბოლო წლებში არაერთი ექსპერტი აკეთებდა პროგნოზს, რომ ტრადიციული PR და მედიაურთიერთობები მნიშვნელობას დაკარგავდა, რადგან ბრენდების ონლაინხილვადობას SEO, საკვანძო სიტყვები და საძიებო სისტემების ალგორითმები განსაზღვრავდა. თუმცა ხელოვნური ინტელექტის ეპოქამ ეს წარმოდგენა შეცვალა. დღეს ადამიანები ინფორმაციის მოსაძიებლად სულ უფრო ხშირად მიმართავენ ChatGPT-ს, Claude-სა და Google-ის AI Overviews-ს. ეს სისტემები პასუხებს შემთხვევით არ ქმნის, ისინი ეყრდნობა იმ მასალებს, რომლებიც ბრენდის, კომპანიის თუ კონკრეტული ადამიანის შესახებ უკვე გამოქვეყნებულია ინტერნეტში: სტატიებს, ინტერვიუებსა და რეკომენდაციებს.
ამ პროცესს უკვე საკუთარი სახელიც აქვს “Generative Engine Optimization (GEO)”. მისი მთავარი პრინციპი მარტივია: თუ გსურთ, რომ AI-მ რეკომენდაცია გაგიწიოთ, ჯერ ადამიანები უნდა გიცნობდნენ და თქვენზე საუბრობდნენ. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი მედიის მიერ მომზადებული მასალები და ე.წ. earned media დღეს კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
რას ეძებენ ჟურნალისტები
ჟურნალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რესპონდენტზე ინფორმაციის მოძიება სწრაფად და მარტივად შეძლონ.
ამაში განსაკუთრებით ეხმარება:
- მკაფიო და ადამიანური „ჩვენ შესახებ“ (About) გვერდი;
- ვებგვერდზე მითითებული პირდაპირი ელფოსტის მისამართი;
- ოპერატიული პასუხები, რადგან მედია ხშირად მკაცრი დედლაინებით მუშაობს;
- მაღალი ხარისხის, ჩამოსატვირთი ფოტოები;
- ინფორმაცია, რომ ადამიანი ან კომპანია მზად არის ინტერვიუებისა და მედიისთვის;
- სპეციალური Press გვერდი, სადაც თავმოყრილია ბიოგრაფია, ლოგო, ფოტოები, ვიზუალური მასალა და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასეთი რესურსები ჟურნალისტს დროს უზოგავს, რაც ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია.
პერსონალიზაცია მნიშვნელოვანია
ჟურნალისტები ადვილად ამჩნევენ მასობრივ, შაბლონურ წერილებს. გაცილებით ეფექტურია კონკრეტული გამოცემისთვის მომზადებული, პერსონალიზებული შეტყობინება, რომელიც აჩვენებს, რომ ავტორი კარგად იცნობს მის კონტენტს.
ისტორიაში სიახლე უნდა იკითხებოდეს
პორტფოლიოს ან კომპანიის ზოგადი აღწერის გაგზავნა იშვიათად არის საკმარისი. მედიას აინტერესებს სიახლე, მაგალითად: ახალი პროექტი, ინოვაციური პროდუქტი, სოციალური ინიციატივა, მნიშვნელოვანი მიღწევა, საინტერესო კვლევა ან შედეგი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალისტისთვის დამატებითი ინფორმაციის ცალკე მოთხოვნა კიდევ ერთი ბარიერია. ამიტომ ჯობს პირველივე წერილში ჩანდეს: სრული ისტორია, ფოტოები, ბმულები, მითითებული ავტორი და დამატებითი მასალები.
რაც უფრო ნაკლები ნაბიჯის გადადგმა უწევს ჟურნალისტს, მით უფრო იზრდება მასალის გამოქვეყნების შანსი.
AI ვერ ცვლის კარგ PR-ს
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ტრადიციული PR ვერ ჩაანაცვლა, პირიქით, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.
რაც უფრო ადვილია ჟურნალისტისთვის ადამიანზე ან კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება, მით უფრო მაღალია მისი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის შანსი. ხოლო რაც უფრო ხშირად ჩნდება ეს ინფორმაცია სანდო წყაროებში, მით უფრო დიდი ალბათობით გამოიყენებენ მას AI-სისტემებიც რეკომენდაციების გასაცემად.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, PR-ის მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება: ადვილად უნდა იძებნებოდეთ, იყოთ ხელმისაწვდომი და ისეთი, ვისი შესახებაც სხვებს საუბარი და რეკომენდაციის გაცემა მარტივად შეუძლიათ.