სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა, რომლის მიზანიც კორეის ომის ფორმალურად დასრულება და ნახევარკუნძულზე არსებული ზავის რეჟიმის მშვიდობის რეჟიმით ჩანაცვლება იქნება. ინფორმაციას Reuters და სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap ავრცელებენ.
ლი ჯე მიონმა ინიციატივა 15 აგვისტოს, იაპონიის კოლონიური მმართველობისგან კორეის გათავისუფლების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა. მისი თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დიალოგი აუცილებელია მშვიდობიანი თანაარსებობისთვის და სამხედრო დაძაბულობის შესამცირებლად.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების ზრდის შეზღუდვის პრაქტიკული გზების განხილვაც. მან ასევე განაცხადა, რომ სეული დაძაბულობის შესამცირებლად და შესაძლო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად თანმიმდევრული ზომების გატარებას გეგმავს.
ლი ჯე მიონის ინიციატივა მისი ადმინისტრაციის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში მშვიდობისა და დიალოგის პრიორიტეტად ქცევას ითვალისწინებს. ივლისში სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ფხენიანთან დიალოგის წინაპირობად სრულ დენუკლეარიზაციას აღარ განიხილავს, რადგან ასეთი მიდგომა მოლაპარაკებების დაწყებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
კორეის ომი 1950 წელს დაიწყო და აქტიური საბრძოლო მოქმედებები 1953 წლის 27 ივლისს ზავის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა, რის გამოც კორეის ნახევარკუნძულზე ომის ფორმალურად დასრულების საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
ფხენიანს ლი ჯე მიონის ბოლო შეთავაზებაზე ახალი ოფიციალური პასუხი ამ დროისთვის არ გაუვრცელებია. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წინა სამშვიდობო ინიციატივები უარყო და აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები პროვოკაციად შეაფასა.
წყაროები:
Reuters — South Korea's Lee urges talks with North Korea to replace armistice with peace
Reuters — North Korea's Kim, Russia's Putin reaffirm ties on Korean Liberation Day
Yonhap — Lee proposes dialogue with N. Korea to officially end Korean War
EFE — South Korea urges peace talks with North