25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე რთველის ფარგლებში 60 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 42.4 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანი ყურძენია, ხოლო არაკონდიციური ყურძნის წილი მთლიანი გადამუშავებული მოსავლის 0.5%-ს შეადგენს.
სააგენტოს ცნობით, კახეთში ყურძენი ამ ეტაპზე დაახლოებით 3 500 მევენახემ ჩააბარა. მხოლოდ ბოლო 24 საათში კი გადამუშავდა სეზონის განმავლობაში დღემდე ყველაზე დიდი მოცულობა — დაახლოებით 12 ათასი ტონა.
სახელმწიფო საწარმო ყურძენს მოსახლეობისგან 22 ლოკაციაზე იბარებს. სააგენტოს განცხადებით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, გადამუშავებული ყურძნის რა ნაწილის შესყიდვა მოდის სახელმწიფოზე და რა მოცულობა შეიძინა კერძო სექტორმა.
2026 წლის რთველისთვის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 320 ათასი ტონაა.
ამასთან, ყურძნის საჭირო კონდიციამდე მისვლისთვის შექმნილი არახელსაყრელი ამინდის გამო, 22 სექტემბერს ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის მინიმალურ ზღვრებში ცვლილებები შევიდა.
დადგენილი პირობებით:
- მაღალკონდიციური საფერავი — 20 გრადუსიდან ზემოთ: 1.50 ლარი;
- მაღალკონდიციური რქაწითელი და სხვა ჯიშები — 19 გრადუსიდან ზემოთ: 1.30 ლარი;
- დაბალკონდიციური საფერავი — 16-დან 20 გრადუსამდე: 1 ლარი;
- დაბალკონდიციური რქაწითელი და სხვა ჯიშები — 16-დან 19 გრადუსამდე: 90 თეთრი;
- 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის, არაკონდიციური და დაზიანებული ყურძენი — 50 თეთრი.
ფასებისა და შაქრიანობის ზღვრების ცვლილებას წინ უძღოდა მევენახეების რამდენიმე საათიანი პროტესტი და გზის გადაკეტვა.