„კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 2017 წლის ოქტომბერში 38 მლნ დოლარი ამოაცალეს“ - არის თუ არა „ესტონური მოდელი“ იმპორტიორებისთვის მომგებიანი?

access_time2017-11-23 10:00:51

„ესტონური მოდელის ამოქმედების შედეგად, იმპორტზე დამოკიდებულ ბიზნესს მოგება უნდა დარჩენოდა, თუმცა კურსის ცვალებადობა ამის საშუალებას არ აძლევს“, -  ამის შესახებ  „კომერსანტს“ საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა, ბიზნესის ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა.


ე.წ. ესტონური მოდელი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება არა მოგების მიღება, არამედ მოგების დივიდენდად განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოდელი ახალისებს კომპანიებს მოახდინონ მიღებული მოგების რეინვესტირება მათივე საქმიანობაში.


თუმცა ჯაბა თარიმანაშვილის განმარტებით, „ესტონური მოდელის“ წარმატებულობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: „მოდელი ზოგადად კარგია მაშინ, როცა ბიზნესი მოგებაზე მუშაობს. თუ ქვეყანაში საერთაშორისო ბიზნესი არ არსებობს, თუ ბიზნესი სოლიდურ მოგებას ვერ იღებს, ავტომატურად ის რეინვესტირებას ვერ განახორციელებს. შესაბამისად, რეინვესტირების მოლოდინზე საუბარი არასწორია. წლის ბოლოს დაითვლება „ესტონურმა მოდელმა“ რა შედეგები მოგვიტანა, ბიზნესმა რა დონის რეინვესტირება განახორციელა და მოგება მიიღო თუ არა,“  განაცხადა თარიმანაშვილმა.


მისივე თქმით, ე.წ. ესტონურ მოდელს რა ეფექტიც უნდა მოეტანა, ვერ მოიტანა იმის გამო, რომ ლარის კურსი არასტაბილურია. ეს იმპორტზე დამოკიდებულ კომპანიებს მოგების მიღების საშუალებას არ აძლევს.


„კომპანიას თუ დარჩა მოგება და აღნიშნული მოგების რეინვესტირება ბიზნესში მოახდინა, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, მაგრამ „ესტონური მოდელი“ არ ათავისუფლებს ბიზნესს, თუ დივიდენდის აღება მოახდინა. ის ჩვეულებრივ იბეგრება 20%-ით. ასევე, რაც შეეხება დარჩენილ მოგებას, ბოლო პერიოდში, ოქტომბერში ლარის 16 თეთრიანი გაუფასურება გვქონდა. ეს კურსის ცვალებადობა იმპორტზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბიზნესიდან ახდენს ფულის „ამოქაჩვას“.


ხშირ შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებული კომპანიები, დოლარში ახდენენ საქონლის შეძენას და შემდგომ ლარში ყიდიან. ასეთმა კომპანიებმა ამ ერთ თვეში მოგების 6% დაკარგეს.  ბოლო 10 თვის მონაცემებით იმპორტის მოცულობამ 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ თვეში 636 მილიონი დოლარი. ეს რომ 6%-ზე გავამრავლოთ, ვიღებთ 38 მილიონ დოლარს, რომლის ამოღებაც მოხდა ოქტომბერში ბიზნესიდან.  კურსის ცვალებადობის გამო, ბიზნესს ბანკებმა და კურსის არასტაბილურობამ 38 მილიონი დოლარი ამოაცალეს. ამდენად, „ესტონურმა მოდელმა“ შესაძლებელია იმპორტზე დამოკიდებულ ბიზნესს მოგება საერთოდ არ დაუტოვოს“, - განმარტავს თარიმანაშვილი.


ამასთან, ბიზნესის ანალიტიკოსის განცხადებით, ქვეყანაში ბიზნესს ის პრობლემაც აქვს, რომ საერთაშორისო განვითარების შესაძლებლობა არ აქვს, რაც შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის შედეგი შეიძლება იყოს.


„ამ ეტაპზე კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, საქართველოს არ აქვს. ჩვენთან კომპანია წარმატებულ მაგალითს რომ შექმნის, ცდილობს განვითარება ქვეყანაში გააგრძელოს და არა ქვეყნის გარეთ. ეს შეიძლება იყოს როგორც კანონმდებლობის, ასევე ცოდნის პრობლემა. ფაქტია, რომ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომაც ვერ ხერხდება ბიზნეს საქმიანობიდან სერიოზული დივიდენდის აღება. ასეთ პატარა ქვეყანაში ხშირად ბიზნესი ერთმანეთის კონკურენტია, რაც განვითარებას ხელს უშლის“, - აღნიშნავს ჯაბა თარიმანაშვილი.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები