ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, ტექდათვალიერების ამოქმედება მსუბუქი ავტომობილებისთვის არ გადავადებულა, უბრალოდ ვადები დაკორექტირდა.
როგორც ცნობილია, ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ის მუხლი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.
სალუქვაძე განმარტავს, რომ მუშავდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევს.
„გადავადებით არაფერი არ გადავადებულა. როგორც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველაფერი ისეა - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება და შეეხება მთლიან ავტოპარკს. მისი სრული მოცვა 2 წლის განმავლობაში მოხდება. ნორმის ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა შარშან შეტანილი ცვლილება, რომლითაც გაწერილი იყო, რომ 2018 წლის იანვრიდან მთლიანად პარკის დაფარვა მოხდებოდა“-აცხადებს სალუქვაძე.
მისი განცხადებით, ფიზიკურად შეუძლებელია 1.2 მილიონი დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ერთდრულად პერიოდული ინსპექტირების გავლა. როგორც სალუქვაძე აცხადებს, კანონში ცვლილებაც აქედან გამომდინარეობდა. მისი განმარტებით, პერიოდულობა გაწერილი იქნება ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მთავრობას აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ წარედგინება.
კითხვაზე, რატომ ვერ გათვალა მთავრობამ რეფორმის დაანონსების დროს ის, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ყველა დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ინსპექტირების ერთდროულად გავლა, სალუქვაძე განმარტავს, რომ ეს ცვლილება შეტანილ იქნა დაახლოებით 1 წლის წინ. გარდა ამისა, მაშინ ცნობილი არ იყო ტესტირების რამდენი ცენტრი შეიძლებოდა ქვეყანაში ყოფილიყო.
„ახლა განხორციელებული კონსულტაციის საფუძველზე დღეს 26 ტესტირების ობიექტია, ორჯერ ამდენიც რომ იყოს, შეუძლებელია მოხდეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად მოცვა. დაკორექტირებაც ამიტომ მოხდა“, - აცხადებს სალუქვაძე.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საჭირო მაინცდამაინც 2 წლიანი ვადა ტექდათვალიერების სრულად ასამოქმედებლად, სალუქვაძე ამბობს, რომ მსგავსი რეფორმის განსახორციელებლად, ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ.
„მაგალითად, შვედეთში სავალდებული ტესტირება 15 წელია მიმდინარეობს. სხვა ევროპულ ქვეყნებში 5 წელიწადი იყო. როდესას ექსპერტებთან ერთად შევისწავლეთ როგორც ტესტირების ცენტრების რაოდენობა, ისე ქვეყანაში არსებული ავტოპარკი, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პროცესის 2 წლის განმავლობაში გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება რეფორმის მოწესრიგებულად განხორციელებისთვის იქნა მიღებული “-აცხადებს სალუქვაძე.
ავტორი: სოფო ქსოვრელი